დიმიტრი ქუმსიშვილმა შეიხ ნაჰიანს აჭარის საინვესტიო პოტენციალი გააცნო

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხს, ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანსა და მის თანმხლებ პირებს გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია დაათვალიერებინა, სადაც მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.
„დღეს შეიხ ნაჰიანს დავათვალიერებინეთ აჭარის ტურისტულ რეგიონში არსებული საინვესტიციო პოტენციალი, მათ შორის მოვინახულეთ გონიოს ყოფილი პოლიგონი, რომელსაც ძალიან დიდი საინვესტიციო პოტენციალი აქვს, რაც, მარტივი გათვლებით, სამ მილიარდ დოლარამდეა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ აქ მოხდეს საუკეთესო განვითარება. აჭარის მთავრობასთან ერთად ვნახეთ ტერიტორია, კიდევ ერთხელ გავაკეთეთ მისი პოტენციალის პრეზენტაცია და დარწმუნებულები ვართ, რომ ცოტა ხანში გვექნება კონკრეტული შედეგები“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
აღნიშნული ტერიტორია 314 ჰა მიწის ნაკვეთზე მდებარეობს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს პოტენციურ ინვესტორებთან,, რომ მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის განვითარება საუკეთესო შესაძლო კონცეფციის შესაბამისად, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და ეკონომიკის  ზრდას, ასევე შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.
„ჩვენ დავათვალიერეთ არაჩვეულებრივი სილამაზის ტერიტორია, რომელიც არა მხოლოდ უძრავი ქონების ბიზნესისთვისაა შესაფერისი, არამედ მრავალი დანიშნულებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის რეკრეაციული, სავაჭრო, საფინანსო, სპორტული, მათ შორის გოლფის კორტების ან სხვა დანიშნულების ცენტრების მოსაწყობად. მე ბათუმში აქამდეც ვყოფილვარ და ახლა ნათლად ვხედავ, რომ ქალაქი კიდევ უფრო გაიზარდა და განვითარდა. მას შეემატა მრავალი მშვენიერი სასტუმრო და ვხედავთ კიდეც უამრავ ადამიანს ზღვის სანაპიროზე. ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბათუმის განვითარების დონემ. ეს ქალაქი ხდება რეგიონის მოსახლეობის ტურისტული ცენტრი“ – განაცხადა მუბარაკ ალ ნაჰიანმა.

შეიხის შეფასებით, საქართველო გახდა ჰაბი ტურიზმისა და ბიზნესისათვის.  მისი თქმით, აქ მეგობრული გარემოა, რომელსაც ლმობიერი საკანონმდებლო რეგულაციები განაპირობებს და სწორედ ეს წაახალისებს ადამიანებს, რომ ჩამოვიდნენ და ინვესტიციები განახორციელონ. როგორც ნაჰიანმა აღნიშნა, ცალსახაა პროგრესი ტურიზმის, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და უშიშროების თვალსაზრისით, რის გამოც საქართველო უაღრესად მიმზიდველია როგორც ინვესტორებისთვის, ისე ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის.

„ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ამ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას.  გვჯერა საქართველოს მომავალი კეთილდღეობის, ასევე გვჯერა დიდებული ქართველი ხალხისა და მათი ქვეყნის შესაძლებლობების. პირადად ჩემი რამდენიმე მეგობარი დაინტერესებულია საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები როგორც საგანმანათლებლო, ისე უძრავი ქონების მიმართულებით. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ წვლილის შეტანას ზოგადად საქართველოს და, კონკრეტულად, ბათუმის ეკონომიკურ განვითარებაში, ვინაიდან გვაქვს მთავრობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არის არაჩვეულებრივი ქვეყანა მდიდარი ტრადიციებით, კულტურითა და ღირებულებებით, ასევე მეგობრული, გულღია და კეთილგანწყობილი ადამიანებით. მინდა საქართველოსა და ქართველ ხალხს წარმატება ვუსურვო“ – განაცხადა შეიხმა ნაჰიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები