ზვიად ზვიადაური შესაძლოა, სპორტს დაუბრუნდეს – “მან უნამუსოდ უღალატა „ქართულ ოცნებას“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად ზვიადაური შესაძლოა, სპორტს დაუბრუნდეს. ამის შესახებ დეპუტატმა გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მან მაჟორიტარ კანდიდატობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში კარიერის გაგრძელებაზე უარი თავად თქვა.
„თავად ვთქვი უარი, კენჭი მეყარა მაჟორიტარად ახმეტის რაიონში. 2012 წლიდან მოყოლებული ვიძახდი, რომ ჩემთვის პოლიტიკა საინტერესო არ არის, მაგრამ ისე მოხდა, რომ სადაც ჩემი ხალხი იდგა, მეც იქ დავდექი. ასე სჭირდებოდა ქვეყანას, მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც არ ვთვლი პოლიტიკაში ვიყო. მე მაქვს ჩემი საქმე. იყო შემოთავაზება აღმასრულებელი ხელისუფლებიდანაც, მაგრამ გადავწყვიტე, პოლიტიკიდან განზე გავდგე და შეიძლება სპორტში წავიდე. მე ვარ ამ გუნდის წარმომადგენელი და ვიდგები ამ პარტიის გვერდით, ვიდრე პარტია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით იარსებებს“,- განაცხადა ზვიადაურმა და პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ სიაში მსახიობებისა და სპორტსმენების ადგილი გამოირიცხა.
„ირაკლი კობახიძე ხელოვანი ხალხისა და სპორტსმენების ადგილს რომ ვერ ხედავს პარლამენტში, ეს ძალიან ცუდია და მისი მხრიდან ძალიან ცუდი ნათქვამი იყო. რა გამოდის, სპორტსმენსა და ხელოვანს სათანადო განათლება არ აქვს და ხალხს არ უყვარს?!“,-აღნიშნა დეპუტატმა.
პარლამენტის წევრმა ასევე პრეზიდენტის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მის ლაპარაკს არ უსმენს.
„ეგ ადამიანი არის ჩვენი მოყვანილი, შეჯდა რბილ სკამზე, რაც ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. პირადად მის გამო ახმეტაში დავრბოდი და ხალხს მოვუწოდებდი, ხმა მისთვის მიეცათ. ჩვენი გუნდის წევრი გვეგონა და ასე არ აღმოჩნდა. ასე უსინდისოდ უღალატა „ქართულ ოცნებას“ და იმ ადამიანებს, ვინც მას მხარი დაუჭირა“, – განმარტა ზვიადაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები