თამარ ფოცხიშვილი: კარგი იქნება, თუ ასეთი კონკურსი „თბილისი“ სხვა ქალაქებშიც ჩატარდება

თბილისის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში „თბილისი“ ნამუშევრების მიღება გრძელდება. ჟიურის წევრები უკვე გაეცნენ სხვადასხვა ნომინაციაში წარდგენილ პროზაულ, პოეტურ, ფერწერულ, არქიტექტურულ ნამუშევრებსა და ესეებს. გარდა ამისა, კონკურსის ფარგლებში, საუკეთესო სიმღერა, ქანდაკება და ფოტოხელოვნების ნაწარმოებიც გამოვლინდება, რასაც კიდევ ერთი ნომინაცია, ჟიურის სპეციალური პრიზი დაემატება.
„თბილისის“ ლოგოს დიზაინერმა, თამარ ფოცხიშვილმა კონკურსისთვის ლოგო თბილისში აღმოჩენილი უძველესი კერამიკული ჭურჭლის ორნამენტის მიხედვით დაამზადა.
„ეს კონკურსი ყველასთვის მნიშვნელოვანია: მხატვრებისთვის, არქიტექტორებისთვის, მწერლებისთვის, მუსიკოსებისთვის, ქალაქისთვის… „თბილისი“, როგორც იდეა, ძალიან კარგია და მეამაყება, რომ ამაში მონაწილეობა მეც მივიღე. მართალია, შარშანდელისგან განსხვავებით, წლევანდელ კონკურსში ჩართვა ვერ მოვახერხე, თუმცა, ბუნებრივია, დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს. მგონია, რომ ამით ადამიანები ერთმანეთთან უფრო თბილ და ახლო ურთიერთობას ამყარებენ. საზოგადოებაც ჩართული და დაინტერესებულია. ადამიანები ეცნობიან, თუ რას ხატავს მათი თანამოქალაქე, რას წერს, რაზე ფიქრობს, რა აწუხებს… ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ასეთი კონკურსი სხვა ქალაქებშიც ჩატარდება,“ – განაცხდა თამარ ფოცხიშვილმა.
კონკურსი „თბილისი“ პირველად 2015 წელს ჩატარდა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს: ლიტერატურის, ფერწერის, არქიტექტურის, სკულპტურის, სიმღერისა და ფოტოგრაფიის დარგში მოღვაწე შემოქმედთა პოტენციალის გამოვლენას, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას, საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და ა.შ. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე შეუძლია.
საკრებულოს ინფორმაციით, კონკურსი „თბილისი“ ,,თბილისობა-2016’’-ის ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება და გამარჯვებულებს 7 წევრისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს.
საკონკურსო ნაწარმოებების მიღება 10 სექტემბერს დასრულდება.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა მსურველებს თბილისის საკრებულოს ვებგვერდზე: http://www.tbsakrebulo.gov.ge/ შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები