მერაბ ტურავა: ჩვენ არ მიგვინიჭებია მანდატი სასამართლოს თავმჯდომარისთვის, რომ ასეთი ბრალდებით მიემართა სხვადასხვა ორგანოებისათვის

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან მოსამართლეების ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება ისე გაკეთდა, რომ ამ თემაზე არ შეკრებილა პლენუმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მერაბ ტურავამ განუცხადა.
როგორც ტურავამ აღნიშნა, არასოდეს არ ყოფილა მსჯელობა რომელიმე მოსამართლეზე განხორციელებული რაიმე ზეწოლის შესახებ.
“რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს, რომლებმაც გუშინ განაცხადეს, რომ ამის შესახებ პლენუმის ფორმატში იყო მსჯელობა, ჩემთვის ეს ფაქტი არის უცნობი. ჩემთვის არც მოსამართლეთა ინდივიდუალური საუბრების დროს, არც პლენუმის ფორმატში, არც სხვაგვარი შეხვედრების დროს, არასოდეს არ ყოფილა მსჯელობა და საუბარი რომელიმე მოსამართლეზე განხორციელებული რაიმე ზეწოლის შესახებ. მე პირადად გამოვხატავ პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ იციან სხვებმა და მე არ ვიცოდი ამის შესახებ“, – აღნიშნა მერაბ ტურავამ.
ტურავას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, საზოგადოების მხრიდან იქნება აღქმული, როგორც ზეწოლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება.
„მთელი საკონსტიტუციო სასამართლო არის დღეს ეჭვმიტანილი. ნებისმიერი გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს ის, ჭეშმარიტების უმაღლესი საფეხურიც, საზოგადოების მხრიდან იქნება აღქმული, როგორც ზეწოლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. მე არავის არ ვადანაშაულებ, მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები უნდა იყვნენ ინფორმირებულები სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ალბათ უფრო სწორი იქნებოდა ის, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ინფორმირებული“,-აღნიშნა მერაბ ტურავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები