შალვა ოგბაიძე: ყვითელი მიკროავტობუსების საკითხზე თბილისის მერიას ხელები აქვს დაბანილი
ყვითელი მიკროავტობუსების საკითხზე თბილისის მერიას ხელები აქვს დაბანილი. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა შალვა ოგბაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დედაქალაქში სატრანსპორტო პრობლემატიკაზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის ხშირი ცვლილება მეტყველებს იმაზე, რომ წინამორბედი არასწორად იყო შერჩეული.
„თუმცა, გამონაკლისს წარმოადგენს გიორგი გურგენიძე, რომელიც კერძო სექტორში გადავიდა. ახალი ხელმძღვანელი ტრანსპორტელია, მაგრამ ცუდად მომხვდა ყურში, როდესაც ვუთხარით, თბილისის პრიორიტეტები, ხედვა წარმოედგინა, გვიპასუხა, რომ ერთი თვე იმუშავებდა და ხედვას მერე წარმოადგენდა. ეს ძალიან ცუდი განცხადებაა“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
შალვა ოგბაიძის თქმით, შეკითხვები არსებობდა ყვითელ მიკროავტობუსებთან დაკავშირებით და იყო მოლოდინი, რომ ახალი უფროსი ამ ტრანსპორტის პრობლემატიკაზე სულ ცოტა იმას მაინც იტყოდა, რომ დღევანდელი პრობლემა იმ კაბალური შეთანხმების შედეგია, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში გაფორმდა, მაგრამ პასუხი იყო ის, რომ თბილისის მერიამ ახალი ავტობუსები შემოიყვანა.
„ყვითელ მიკროავტობუსებზე თბილისის მერიას ხელები აქვს დაბანილი. აბსოლუტურად თვითდინებით მიდის პროცესი, უკმაყოფილოა მგზავრი, უკმაყოფილოა მძღოლი და კმაყოფილია მხოლოდ მმართველი კომპანია. როგორც ერთი მერცხალი ვერ მოიყვანს გაზაფხულს, ისე 143 ახალი ავტობუსის შემოყვანა ვერ მოაგვარებს სატრანსპორტო პრობლემას. პოზიტიური ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, პირველად განხორციელდა ახალი ერთ-ერთი საუკეთესო წარმოების ავტობუსების შემოყვანა, რომელიც აქ რომ შემოვა, აქ კი არ გადაკეთდება ბუნებრივ აირზე, არამედ ქარხნულად შეკუმშულ აირზე მომუშავე უეკონომიურესი, უეკოლოგიურესი ძრავებით არის აღჭურვილი, მაგრამ ეს არ არის ავტობუსი, რომელიც თბილისის ვიწრო ქუჩებში ივლის,“- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.