მოსამართლეები, პროკურატურის გამოძიებამდე, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეების განხილვის შეჩერებას ითხოვენ

სანამ პროკურატურა არ შეისწავლის გიორგი პაპუაშვილის განცხადების სისწორეს და სამართლებრივ დასკვნას არ დადებს, მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეების განხილვის პროცესი უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ „კვირას“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ოთარ სიჭინავამ განუცხადა.
ოთარ სიჭინავა ერთ-ერთია იმ საკონსტიტუციო მოსამართლეებს შორის, რომლებიც გიორგი პაპუაშვილს წერილით მიმართავენ და მოთხოვნებს უყენებენ.
როგორც სიჭინავა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია ისე გაახმაურა, რომ მასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
„პროკურატურას დასადგენი აქვს ბატონ გიორგი პაპუაშვილის განცხადების სისწორე. როგორ შეიძლება, რომელიმე მოსამართლეზე ასეთი რამ ითქვას, ანუ გადაწყვეტილებას თავისი ნების გარეშე იღებენ და მონაწილეობენ განხილვაში? ასეთ ვითარებაში მე არ მიმაჩნია განხილვაში მონაწილეობის მიღება მიზანშეწონილად.
თუ ვინმეს რამის გარკვევა უნდა, მივიდეს პროკურატურაში და თქვას. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დაისვა კითხვა, ვინმეზე ხომ არ ხორციელდება ზეწოლა? არავინ არაფერი თქვა და არ დაადასტურა ეს ფაქტი. ზეწოლის ფაქტებზე სამართლებრივად არავის არაფერი გაურკვევია. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ბატონი გიორგის გამოსვლა. ეს განცხადება ჩვენთან შეუთანხმებლად გაკეთდა.
უნდა გაირკვეს, რამდენად სწორია გიორგი პაპუაშვილის განცხადება. პირადად ჩემთვის, არც ახლა და არც წარსულში არავისგან ზეწოლა არ განხორციელებულა. სამართლებრივად უნდა მოხდეს ამ საქმის გარკვევა, თუ ვინმეს რამე აქვს სათქმელი, მივიდეს პროკურატურაში დღეს ან ხვალ. ასეთ ვითარებაში საქმეების განხილვა არ შეიძლება.
მე ჭორებს არ ვუსმენ, ველოდები პროკურატურის დასკვნას. ეს ძალიან მალე მოხდება. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეების განხილვა დაჩქარებული წესით არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ ამ შუამდგომლობით მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა მან, სამწუხაროდ, ეს არ დააკმაყოფილა, ამიტომ გადავწყვიტეთ რამდენიმე მოსამართლემ მისთვის წერილით მიგვემართა“, – აღნიშნა ოთარ სიჭინავამ.
ამასთან, მოსამართლის განცხადებით,  უამრავი კითხვა არსებობს იმ საქმეებზე, რომლებსაც ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ხუთმა მოსამართლემ – ზაზა   თავაძემ, ლალი ფაფიაშვილმა,   თამაზ ცაბუტაშვილმა, ოთარ სიჭინავამ და მერაბ ტურავამ  წერილით მიმართეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ოთხი მოთხოვნა აქვთ:

1. საქმეების განხილვა/გადაწყვეტის პროცესი მაქსიმალურად მიახლოებული იყოს იყოს რიგითობის და თანმიმდევრობის პრინციპთან.
2. უზრუნველყოფილ იქნეს მოსამართლეებისათვის ნორმალური სამუშაო ვითარების შექმნა, ჩვენი აზრის გაუთვალისწინებლად, ერთპიროვნულად  და ფორსირებულად არ ხდებოდეს საკოსტიტუციო სასამართლოს საქმეთა განხილვის განრიგის მართვა/შედგენა.
3. მსგავსად კოლეგიისა, რომელსაც ამ საქმეებზე დასჭირდა რამდენიმეთვიანი ვადა, პლენუმს მიეცეს მსგავსი გონივრული (არანაკლებ იმ დროისა, რაც სწორედ ამ საქმეებზე  ჰქონდა კოლეგიას) ვადა საქმეების შესწავლისა და გაანალიზებული გადაწყვეტისათვის და ხელოვნურად არ მოხდეს მისი შეზღუდვა დროში, გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარების კუთხით. (ასე მაგალითად, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს 1-ელ კოლეგიას #679-ე სარჩელზე („რუსთავი 2“-ის სარჩელი) საქმის განხილვას მოანდომა დაახლოებით 7 თვეზე მეტი დრო, ხოლო ამის შემდეგ კი ეს საქმე უკვე გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, ამ უკანასკნელს ლოგიკურია, რომ ამ საქმის გადაწყვეტისთვის მიეცეს არანაკლებ იმ დროისა, რაც კოლეგიას დასჭირდა  და ხელოვნურად არ ხდებოდეს საქმის განხილვის მაქსიმალურად დაჩქარება და შესაბამისად ამისათვის დაძაბული ფონის შექმნა).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2016 წლის 21 ივლისის განცხადების შემდეგ (რომელშიც მან ისაუბრა  მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტების ირგვლივ) საჭიროდ მიგვაჩნია ე.წ. პოლიტიკური ნიშნის მატარებელ ყველა საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო დაელოდოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ამ საკითხის სრულყოფილად შესწავლას და ამ საქმეების გადაწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ მოხდეს, როცა გადამოწმდება და დასრულდება სათანადო ორგანოების მხრიდან სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მოყვანილი ზეწოლის ფაქტების სინამდვილე, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვები მოსამართლეების მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები