შალვა ხუციშვილი პრეზიდენტის სიძეზე – ნასამართლობის ცნობის დაჩქარებულად გაცემა არ ხდება, როცა პირი მრავალჯერ ნასამართლევია

მომსახურების სააგენტო დაჩქარებულ ვადაში არ გასცემს ნასამართლობის ცნობას ერთადერთი შემთხვევაში, როდესაც პირი მრავალჯერ ნასამართლევია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პირის მიმართ არსებობს რამდენიმე განაჩენი. ყველა მათგანი უნდა შეიკრიბოს, სასამართლოდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნოს, რომ მოხდეს ნასამართლობის გაქარწყლების გამოთვლა.
რაც შეეხება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევას, ხუციშვილის განცხადებით, შსს-მ გარკვეული კატეგორიის მონაცემები გაავრცელა, თუმცა ისინი გავრცელდა დეპერსონიფიცირებულად.
”ერთადერთი პრეტენზია იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე. მინდა გითხრათ, რომ შსს-მ გარკვეული კატეგორიის გარკვეული მონაცემები გაავრცელა, თუმცა ისინი გავრცელდა დეპერსონიფიცირებულად, ანუ სახელი და გვარი მითითებული იყო ინიციალებით, ისე რომ ამ პირის ამოცნობა არ ყოფილყო შესაძლებელი. კერძოდ, სახელი იყო მითითებული, მაგრამ გვარი არ იყო”, – განაცხადა ხუციშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტის სიძესთან, მინდია გოგოჭურთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების გამო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.
ამასთან, კოჟორიძე აღნიშნავს, რომ გოგოჭური ნასამართლობის შესახებ ცნობას ითხოვს, რომელსაც ამ დრომდე ვერ იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები