შალვა ოგბაიძე: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროს პატრონი არ ჰყავს

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროს პატრონი არ ჰყავს. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა შალვა ოგბაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.
„ხელისუფლებაში ამ სფეროს ერთი პატრონი და მენეჯერული ხელი არ ჰყავს. ადამიანის უწყვეტი განათლება, ავტოპარკის მდგომარეობაა, ინფრასტრუქტურა, კანონმდებლობა და კონტროლის მექანიზმი, ყევლაფერი ერთად ქმნის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროს და მასთან შეხების მქონე სტრუქტურული ორგანოები გაბნეულია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში და გამეფებულია პრინციპი „მე არ მეხება“. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროს ერთ-ერთი მთავარი შეფასების კრიტერიუმი არის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და დასახიჩრებულ-დაღუპულთა გაზრდილი რაოდენობა“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მისივე თქმით, კანონმდებლობის, პატრულის, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით ცვლილებები მართლა ხორციელდება და ყველა უწყებას თავის სამოქმედო არეალში გარკვეული წარმატებები გააჩნია, მაგრამ ერთი მმართველის არ ყოლის გამო, პრობლემები არ იხსნება.
„ეს თემა თვითმმართველობის დონეზე აუცილებლად მერის დონეზე უნდა იყოს აწეული და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე – აუცილებლად პრემიერის დონეზე. პრემიერ-მინისტრის დონეზე ამ თემამ გარკვეულად უკვე აიწია კიდეც, რადგან მასთან არაერთხელ ყოფილა საუბარი. რამდენიმე კვირაა, საქართველოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგია უკვე ქაღალდზე დაწერილი გააჩნია, მაგრამ მთავარია, რა მიმართულებით წავა მისი განხორციელება. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, ეს არის თითოეული მტკივნეული საკითხის ძალიან დიდი რისკების მომხსნელი“, -განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები