სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროგრამის ბენეფიციარების რიცხვი მატულობს

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი ბენეფიციარი შპს „ინტერი“ შეძლებს სასტუმროს მშენებლობის დასრულებასა და ინვენტარით აღჭურვას.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ინტერი“, ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროექტის ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.
სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 2 495 459 ლარს შეადგენს. სასტუმრო კი, რომელიც 2017 წლის ივნისის თვეში გაიხსნება, საწყისი ეტაპისთვის დაასაქმებს 14 ადამიანს.
ახალი სასტუმრო ოზურგეთში, დაბა ურეკში ზღვიდან 120 მეტრის დაშორებით მდებარეობს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას, კეთილგანწყობილ გარემოს და შეღავათიან ფასებს შესთავაზებს. დამსვენებლებს შეეძლებათ ისარგებლონ სასტუმროში არსებული რესტორნითა და ორი ღია კაფით, სადაც მაღალი დონის შეფ-მზარეულები სხვადასხვა ტიპის კერძებს შესთავაზებენ სტუმრებს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მშენებლობა ხელს შეუწყობს დაბა ურეკის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე აისახება დადებითად.
2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესა¬ძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.
ახალი კომპონენტი რეგიონული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ „ფრანჩაიზინგის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები