საქართველო ოდესის კინოფესტივალზე წარდგა
საქართველო ოდესის კინოფესტივალზე წელს საკმაოდ მასშტაბურად იყო წარმოდგენილი. საკონკურსო პროგრამაში რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” მონაწილეობდა, ფესტივალის ევროპული დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში კი თომა ჩაგელიშვილის ფილმი – “მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე” იხილეს.
ორივე ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსების გამარჯვებული პროექტია. გარდა ამისა, საქართველო წარმოდგენილი იყო ევროპის კავშირის პროგრამის ფარგლებში გამართულ სესიაზე. სხვადასხვა შინაარსის დისკუსიაში მონაწილეობდნენ კინოცენტრის ექსპორტის და დისტრიბუციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – დავით ვაშაძე, საქართველოს წარმომადგენელი ევრიმაჟში – თამარ ტატიშვილი, კრეტიული ევროპის მედიადესკის წარმომადგენელი – ნოშრე ჩხაიძე, სინედოკის დამფუძნებელი – არჩილ ხეთაგური, კინოცენტრის წარმომადგენელი – თეა გაბიძაშვილი.
რეგიონში მიმდინარე პერსპექტივებზე, საქართველოში ამოქმედებულ საგადასახადო შეღავათზე და პროგრამის წევრობის პერსპექტივებზე ისაუბრეს დავით ვაშაძემ და ნოშრე ჩხაიძემ.
წარმოდგენილი იყო ორი წარმატებული პროექტი – დოკუმენტური ფესტივალი სინედოკი და კინო სკოლაში. არჩილ ხეთაგურმა წარადგინა ფესტივალი და ისაუბრა მის კონცეფციაზე და პროგრამული დაფინანსების მნიშვნელობაზე. საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მსმენელს თეა გაბიძაშვილმა პროექტზე – კინო სკოლაში. თამარ ტატიშვილი მიწვეული იყო ინდუსტრიული “პიჩინგის” ჟიურში და კოლეგებთან ერთად გამოავლინა საუკეთესო უკრაინული პროექტი და საუკეთესო წარდგენა. კონფერენციაზე მან წარადგინა ორგანიზაცია – ევროპული კინო პრომოუშენი – და ისაუბრა ორგანიზაციის სხვადასხვა პროგრამაზე; მათ პერსპექტივასა და უკრაინის მხარის პოტენციურ დაინტერესებაზე.