“ჩვენთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიენიჭა მთავრობის მხრიდან ქალბატონ ევა გოცირიძეს პრიორიტეტი”

ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძისათვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიენიჭა მთავრობის მხრიდან ევა გოცირიძეს პრიორიტეტი, მაშინ, როცა ანა დოლიძემ უფრო მეტი ქულები მიიღო.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეზე, ანუ პირზე, რომელმაც ევროპას უნდა დაუდგინოს სამართლის სტანდარტები.
”ევროსაბჭოს სტანდარტები ამბობს, რომ თითოეულმა სახელმწიფომ ისეთი პროცესით უნდა შეარჩიოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც განამტკიცებს სასამართლოსადმი ისედაც მაღალ ავტორიტეტსა და ნდობას, არ გააჩენს კითხვებს და იქნება გამჭვირვალე. ჩვენს შემთხვევაში, სახელმწიფომ ჩაატარა ისეთი პროცესი, რომელმაც თავიდანვე გააჩინა კითხვები და მთავრობის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ამ პროცესს დამატებითი ჩრდილი მიაყენა. მაშინ, როცა ანა დოლიძემ ქალბატონ ევა გოცირიძეზე უფრო მაღალი ქულები მიიღო კომისიიდან, ჩვენთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიენიჭა მთავრობის მხრიდან ქალბატონ ევას პრიორიტეტი. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ, ალბათ, ჩვენ საერთოდ გვავიწყდება რაზეა საუბარია. საუბარია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეზე, ანუ პირზე, რომელმაც ევროპას უნდა დაუდგინოს სამართლის სტანდარტები.
ჩვენს შემთხვევაში, ქალბატონმა ევამ ქართული სტანდარტები არ დაიცვა და ვერ დაიცვა. იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც მან მურუსიძეს მეორედ მოაცვა სხვებთან ერთად მოსამართლის მანტია და მერე, საზოგადოებას წერილობითი განცხადებით აცნობა, რომ არ დაიცვა ქართული სტანდარტები და მიიღო რაღაც გაუგებარი ჯგუფური გადაწყვეტილება, რომელიც, როგორც ”ადვოკატთა ასოციაცია” მიიჩნევს, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა და პროკურატურაში საჩივარიც კი შეიტანა, ამ ყველაფრის მერე, ცხადია, გაუგებარია ეს პროცესი”, – თქვა კახა კოჟორიძემ.
მისივე შეფასებით, უცნაური ჯაჭვია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ”მურუსიძის სამართალს უწოდა გამაოგნებელი”, ევა გოცირიძემ სხვებთან ერთად ლევან მურუსიძე კვლავ დანიშნა მოსამართლედ და დღეს, საქართველს მთავრობას სურს, ევა გოცირიძემ მთელს ევროპას დაუდგინოს სამართლის სტანდარტები.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა სამპირიან სიაში ნანა მჭედლიძეს ევა გოცირიძე ჩაანაცვლებს.
აღნიშნული სია დღეს, მთავრობის სხდომაზე იქნა გადასინჯული.
როგორც სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, ევროპის საბჭოს ექსპერტები ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურას მისაღებად მიიჩნევენ, გიორგი ბადაშვილთან დაკავშირებით კი აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იურისტად მუშაობის 11-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, სასურველი იქნებოდა, სხვა პროფესიული გამოცდილებაც ჰქონოდა. რაც შეეხება ქალ კანდიდატ ნანა მჭედლიძეს, ევროპის საბჭოს ექსპერტები მასთან მიმართებაში უარყოფით რეკომენდაციას იძლევიან და ფიქრობენ, რომ მას არ აქვს არც მართლმსაჯულების სისტემაში სათანადო გამოცდილება და არც მაღალი აკადემიური გამოცდილება. გამომდინარე იქიდან, რომ სამპირიან სიაში უნდა იყოს ორი სქესის წარმომადგენელი და ერთმანეთის რეალური კონკურენტები, მთავრობამ გადაწყვიტა, იმავე საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატიდან აერჩია ქალი კანდიდატი და ნანა მჭედლიძის ნაცვლად სიაში შეყვანილი ყოფილიყო ევა გოცირიძე. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს – ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები