სტუდია „გუთანის“ ფილმების ჩვენება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
სტუდია „გუთანის“ ფილმების ჩვენება საქართველოს მასშტაბით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. როგორ მიიღეს ახალი კინოპროექტი „მოუარე საქართველოს“ ადრესატებმა და რა სამომავლო გეგმები აქვს სტუდიას, სტუდია „გუთანის“ პროდიუსერი დავით ყალიჩავა მოგვიყვება:
– მინდა აღვნიშნო, რომ ამჟამად დასრულებულია 27 სრულ და მოკლემეტრაჟიანი, სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტური კინოსურათი. გამოვარჩევდი კინოპროექტ ,,საქართველოს
ხერხემალს”, ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა ხუთი ფილმი და 2008 წლიდან
დღემდე ურთიერთობა გვქონდა თითქმის საქართველოს 2000-ივე სკოლასთან, უმაღლეს
სასწავლებლებთან, რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროს ნებართვითა და
საქართველოს ქალაქებისა და რაიონების საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხარდაჭერით, რამაც სკოლებში შექმნა ერთგვარი მართმადიდებლური ფილმების ვიდეოთეკა.
14 ივლისიდან, მართმადიდებლურ ჟურნალ ,,კარიბჭესთან” ერთად ამოქმედდა კინოპროექტი ,,მოუარე საქართველოს” და დავიწყეთ სტუდია “გუთანის” ფილმების პერიოდული გამოცემა ჟურნალთან ერთად. პირველ ეტაპზე, 10 თვის განმავლობაში, ყოველ თვე გამოვა ახალი ფილმი DVD დისკზე.
საქართველოს მასშტაბით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელის ქალბატონ ლეილა აფციაურის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების თავკაცის, ბატონ ზვიად სეხნიაშვილის მხარდაჭერით, მიმდინარეობს ჩვენი ფილმების ჩვენება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო ღირსეულ, გულისხმიერ ადამიანს, სასჯელაღსრულების მინისტრს, ბატონ კახა კახიშვილს. სწორედ მისი უშუალო მხარდაჭერით განხორციელდა ეს პროექტი.
– პროექტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რამდენ საპატიმროსში გქონდათ ჩვენება?
– პარასკევს, 29 ივლისს, 14:00 საათზე, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში (დაბა ქსანში),
რიგით მერვე კინოჩვენებას გავმართავთ,ამჟამად მსჯავრდებულები იხილავენ დოკუმენტურ ფილმს ,,ქრისტეს დედულეთი”. აღსანიშნავია, რომ ქსანში, განსაკუთრებულად გველოდებიან, იქ ახლაც მიმდინარეობს ეკლესიის მშენებლობა, რომელშიც აქტიურად არიან ჩაბმული პატიმრები. ფაქტობრივად მათი აშენებულია ეს ტაძარი…
– როგორ მიიღეს საპატიმროპებში თქვენი ფილმები?
– გულწრფელად გეტვით, რომ თითოეული იქ ჩატარებული ღონისძიება ემოციური თვალსაზრისით, განუმეორებლი, დასამახსოვრებელი იყო ჩემს ცხოვრებაში. არის ცრემლიც, ტკივილიც, სიხარულიც, მაგრამ ყველაზე დიდი მათთვისაც და ჩვენთვისაც არის ერთმანეთის თანაგრძნობა და თანადგომა.
– თავდაცვის სამინისტროსთანაც გაქვთ მოლაპარაკებები?
– დიახ, 1 ივლისს, თავდაცვის სამინისტროში, ისევ საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ეგიდით (საზოგადოების თავმჯდომარე თავად უწმინდესია და უნეტარესი ილია II-ეა) შეხვედრა მქონდა უაღრესად გულისხმიერ, ყურაღებიან, ადამიანთან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოძღვრების ე.წ.კაპელანების ხელმძღვანელთან, დეკანოზ დავით ლონდარიძესთან.
საფუძველი ჩაეყარა იდეას, რომ ერთობლივად განვახორციელოთ პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებს გაუღვივებს, გაუძლიერებს სამშობლოსათვის თავდადების, თავგანწირვის, მხედრულ-ეროვნულ ფესვებს. პროექტში ერთ-ერთ პუნქტად შედის ჩვენი ფილმების კინოჩვენებები ჯარისკაცებისათვის, საქართველოს საჯარისო ნაწილში.
ნინო ჯაჯანიძე