ნანჩანგში ქართული ღვინის სახლი გაიხსნა

ჩინეთის ქალაქ ნანჩანგში ქართული ღვინის სახლი გაიხსნა.
ნანჩანგში ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრი და ღვინის სავანე „ჯუნგე“ ძიანგსის „აბრეშუმის გზის“ საინვესტიციო კომპანიის ინიციატივით, საქართველოს სოფლის მეურნეობის ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ასევე ქართულ კულტურასა და ისტორიას გაეცნოს.
“მსურს, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გაგაცნოთ საქართველოს ყველაზე გამოცდილი ელჩი, ყველაზე კარგი მომლაპარაკებელი და ელჩებს შორის უხუცესი – ქართული ღვინო. ნანჩანგში გაიხსნა ქართული ღვინის სახლი, სადაც მუშაობა დაიწყო ჩვენმა 8000 წლის ელჩმა – ქართულმა ღვინომ. ის აუცილებლად იქნება წარმატებული თავის დიპლომატიურ საქმიანობაში” – ასე მიმართა სინძიანის პროვინციაში, ნანჩანგში, ქართულის ღვინის სახლის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებით.
მისი თქმით, საქართველო მზადაა, გააფართოვოს ქვეყნის მონაწილეობა „აბრეშუმის გზის“ ეკონომიკური სარტყლის პროექტის ფარგლებში და ხელი შეუწყოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალმხრივი ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარებას მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული და სხვა მიმართულებით. ორი ქვეყნის მთავრობათა შორის თანამშრომლობის ფორმატი, მათ შორის საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
ნანჩანგის ქართული ღვინის სახლი 4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და მოიცავს სადეგუსტაციო და საექსპოზიციო დარბაზებს, მუზეუმს, ენოთეკას და ქართულ რესტორანს.
ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრისა და ღვინის სავანის გახსნის ცერემონიაზე მოსულ სტუმრების შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, ასევე გაცნობოდნენ ქართულ ფოლკლორს – ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციის კუთხით ჩინეთში.
2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოდან ჩინეთში წლის განვლილ ნახევარში ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 148%-ს მიაღწია.
ნანჩანგში გამართულ ღონისძიებას, დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, ესწრებოდნენ: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ასევე საქართველოსა და ძიანგსის პროვინციის მთავრობების მაღალი თანამდებობის პირები. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, ქართული დელეგაციის გარდა, დაესწრო 200-ზე მეტი ადგილობრივი სტუმარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები