ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მათ დაკრძალვაზე ჩავიდა – რას ყვება „კვირასთან“ მოკლულის დეიდაშვილი

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი მოკლულების ოჯახის ახლო მეგობარი იყო.
როგორც “კვირასთან“ საუბრისას 22 თებერვალს მოკლული ნონა რომანაძის დეიდაშვილმა, ხათუნა თხილაიშვილმა აღნიშნა, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ხაბელაშვილი მისი დისა და დისშვილის დაკრძალვაზეც იმყოფებოდა. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, მოკლულის და ამბობს, რომ მოტივი ყაჩაღობა იყო.
“ეს არაკაცი ჩემი დის და სიძის მეზობლად ცხოვრობდა ფონიჭალაში, მერე სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ჩემი დის ოჯახთან კვლავ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, დაბადების დღეებზე, ახალ წელზე და ყველა დღესასწაულზე მიდიოდა მათ ოჯახში, შოკირებული ვარ ამ ყველაფრით. ჩემს დაზე უთქვამს, წინასწარ მქონდა მისი მოკვლა განზრახული იმიტომ, რომ ფული მინდოდაო, ჩემს დისშვილზე, მარიამზე კი ასე უთქვამს, ბავშვი კარგად მიცნობდა და ისიც მოვკალიო. ჩემი დის და დისშვილის დაკრძალვაზე იყო ჩამოსული, ისე იქცეოდა, ვითომ არაფერი… მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას – მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს საზარელი დანაშაული გახსნილიყო, იმედი მაქვს, მკვლელი სათანადოდ დაისჯება“, – აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას ხათუნა თხილაიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ბრალდებული მარტო ცხოვრობდა, დედამისი კი თურქეთში სამუშაოდ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, შსს-მ მიმდინარე წლის 22 თებერვალს, თბილისში, ზემო ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა გახსნა. შსს-მ მკვლელობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი გიორგი ხ. დააკავა. „გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ხ.-მ მიმდინარე წლის 22 თებერვალს, დილით, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღით 29 ჭრილობის მიყენების შედეგად, მოკლა 1972 წელს დაბადებული ნონა რომანიძე და 16 ჭრილობის მიყენების გზით – მისი მცირეწლოვანი შვილი, მარიამ მამფორია, რის შემდეგაც, კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაულის ჩადენის იარაღსა და შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ სხვადასხვა ნივთზე დაკავებულის გენეტიკური პროფილის კვალი აღმოჩნდა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის და, მათ შორის, მცირეწლოვნის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს)“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები