გიორგი პაპუაშვილი პრემიერთან შეხვედრამდე პროკურატურაში მისვლას არ აპირებს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დღეს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. გიორგი პაპუაშვილს საგამოძიებო უწყებაში 13:00 საათზე ელოდებიან, თუმცა ის მისვლას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე არ აპირებს.
მთავარ პროკურატურაში უკვე იმყოფებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი. საგამოძიებო უწყებაში ხვალ გეგმავს მისვლას მოსამართლე მერაბ ტურავა.
მთავარმა პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე მოსამართლე გამოკითხვაზე გიორგი პაპუაშვილის განცხადების საფუძველზე დაიბარა.
გიორგი პაპუაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოში  სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე  პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 1571   მუხლის I ნაწილით დაიწყო.
„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გ. პაპუაშვილის მიერ ტელევიზიის საშუალებით საჯაროდ გაკეთდა განცხადება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული ზეწოლა, რათა ზეგავლენა მოახდინონ მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეების გადაწყვეტილებებზე, ასევე, რომ ხსენებული მიზნის მისაღწევად შეიძლება გასაჯაროვდეს მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
საჯარო განცხადების გაკეთებიდან მოკლე ვადაში გ. პაპუაშვილს გაეგზავნა შეთავაზება,  პროკურატურაში გამოცხადებისა და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დეტალებში გარკვევის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა პროკურატურის შეთავაზებაზე, საბოლოოდ მან შეცვალა პოზიცია, უარი განაცხადა თანამშრომლობაზე და პროკურატურაში გამოცხადებაზე.
პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გადამოწმების მიზნით“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები