ძმები ქოქოშვილები, რომელთა გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართებოდა, ნასამართლევები არიან

ვინ არიან ძმები  რამაზ და ლევან ქოქოშვილები, რომელთა გათავისუფლების მოთხოვნით ბოლო ერთი თვეა როგორც გორის რაიონულ სასამართლოში, ისე დედაქალაქში საპროტესტო აქციები იმართებოდა. „კვირას“ ინფორმაციით, გორის რაიონის პოლიციის თანამშრომლის ცემაში ბრალდებული რამაზ ქოქოშვილი 2006 წელს ყაჩაღობისთვის ნასამართლევია,  ამავე წელს,  იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით  მისი ძმაც გაასამართლეს.
ნასამართლევია რამაზ ქოქოშვილის ადვოკატი იზოლდა რაზმაძეც, რომელიც ოჯახმა დღეს შეცვალა. „კვირას“ ინფორმაციით, იგი 2008 წელს თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, 2015 წელს კი ხელმოწერის გაყალბებაში ამხილეს.
რაც შეეხება ძმებ ქოქოშვილებს, მათი სასამართლო პროცესები ამ დრომდე გრძელდება.
რამაზ ქოქოშვილი შიმშილობს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.
ერთ-ერთი სხდომა გორის რაიონის სასამართლოში დღეს გაიმართა.

გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ 2016 წელს,  გორში ერთ-ერთი რესტორნის ეზოში ქოქოშვილი, მისი ძმა და მათთან ერთად მყოფი პირი გიორგი ირემაძე ღამის საათებში საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, აღნიშნულ ფაქტს გორის რაიონული პოლიციის თანამშრომელი მიხეილ ლომსაძე იმ დროს შეესწრო, როდესაც ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ უფლება-მოვალეობას ასრულებდა. სამართალდამცველმა მათ წესრიგისკენ არაერთხელ მოუწოდა, თუმცა ძმებმა ქოქოშვილებმა და მათმა მეგობარმა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე აგრესიულობა გამოიჩინეს და სამართალდამცველს რამაზ ქოქოშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ამის შემდეგ აღნიშნული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიხეილ ლომსაძემ რაციის მეშვეობით დაუყოვნებლივ გადასცა შეტყობინება მომხდარ ფაქტზე, რათა მომხდარიყო დანაშაულზე რეაგირება. მომხდარიდან რამდენიმე საათში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა პატრულირებისას გორის ერთ-ერთ ქუჩაზე შეამჩნიეს ძმები ქოქოშვილები და მათი მეგობარი, სამართალდამცველებმა ისინი შეაჩერეს გადამოწმების მიზნით, რა დროსაც რამაზ ქოქოშვილმა პოლიციის ერთ – ერთ თანამშრომელს, ალეკო თოფჩიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და პოლიციის ფორმა დაუზიანა.
რამაზ ქოქოშვილი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე,  პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით (სსკ-ს 353 ე მუხლით) დააკავეს, ხოლო მისი თანმხლები პირები – ძმა და მეგობარი ადმინისტრაციული წესით.
ბრალდებულმა ქოქოშვილმა დანაშაული არ აღიარა და შიმშილობა დაიწყო. მის მხარდასაჭერად პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყო.
21 ივლისს,   გორის რაიონულ სასამართლოსთან  რამაზ ქოქოშვილის მხარდამჭერები  მივიდნენ და მისი დაპატიმრება გააპროტესტეს.
იმ ღამეს,  სამართალდამცველებმა ექვსი პირი დააკავეს. სამი მათგანი მალევე გაათავისუფლეს, სამი კი,  პატიმრობაში დატოვეს.  გამოძიება  მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ქონების განზრახ დაზიანებას, ხულიგნობას  და სასამართლოს შეურაცხყოფას ედავება.
შს  სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  დაკავებული პირების მიმართ  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 4 მუხლით, 197, 366, 239, 353 დაიწყო.
ბრალდებულებს შორის  რამაზ ქოქოშვილის ძმა –  ლევან ქოქოშვილიც არის.
ფაქტს, რომ ძმები ლევან და რამაზ ქოქოშვილები  ნასამართლევები არიან, მათი   ოჯახის წევრები და ადვოკატი ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მათი დაკავება წარსულშიც უდანაშაულოდ მოხდა.
როგორც „კვირას“  ნინო ბალიაშვილმა განუცხადა,  რამაზ ქოქოშვილი  ყაჩაღობის ბრალდებით 2006 წელს დააკავეს და  მან სასჯელიც მოიხადა.

 მისივე თქმით, იმავე წელს,  სამართალდამცავებმა    სსკ-ის 236 -ე მუხლით,   ლევან ქოქოშვილიც დააკავეს.

„ლევანი წინა ხელისუფლების დროს იყო დაკავებული, 2006 წელს, მაშინ ხელყუმბარა ჩაუდეს ჩემს მეუღლეს“,  –  იხსენებს ნინო ბალიაშვილი.

ალექსანდრე  კობაიძის ინფორმაციით,  რამაზ ქოქოშვილმა ყაჩაღობისთვის 5-წლიანი სასჯელი მოიხადა, თუმცა,  ის დანაშაულს არც მაშინ აღიარებდა.

რაც შეეხება ლევან ქოქოშვილს, ადვოკატის ინფორმაციით,  2006 წელს  მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და აღმკვეთი ღონისძიება წინასწარი პატიმრობა 1000 -ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.  როგორც  „კვირას“  ნინო ბალიაშვილმა განუცხადა, წარსულში  რამდენჯერმე ნასამართლევი იყო ქოქოშვილების კიდევ ერთი ძმა – ალექსანდრე ქოქოშვილიც. იგი  2009 წელს  ქუთაისის  ციხეში გარდაიცვალა.

 „ჩემი მაზლი ალექსანდრე ადრე დააკავეს,  ჯერ ორთაჭალის ციხეში იხდიდა სასჯელს. მერე ქუთაისში  გადაიყვანეს და იქ რაღაც მოხდა… ის ციხეში 2009 წელს გარდაიცვალა. ჩვენ ვიცით, რომ იქ აწამეს და დაიღუპა“, – ამბობს ნინო ბალიაშვილი.

როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი,  ალექსანდრე ქოქოშვილი 2002 წელს  ყაჩაღობის ბრალდებით  გასამართლდა.  შემდეგ, 2005 წელს, ქურდობის ბრალდებით დააკავეს.  სასჯელის მოხდის დროს კი,  2006 წელს ყაჩაღობაშიც ამხილეს.

რაც შეეხება გორის რაიონულ სასამართლოში დღეს გამართულ პროცესს, მოსამართლე  ლევან დარბაიძემ, რომელიც პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ძალადობრივი გზით მისი საქმიანობის შეწყვეტის ბრალდებით დაკავებული რამაზ  ქოქოშვილის საქმეს იხილავს, დღევანდელი პროცესი ბრალდებულის გარეშე წარმართა.

პროცესზე ბრალდებული  არ გამოცხადდა. დღესვე გაირკვა, რომ ბრალდებულის ოჯახმა ადვოკატი იზოლდა რაზმაძე ალექსანდრე კობაიძით ჩაანაცვლა.  იგი ორივე ძმის ინტერესებს დაიცავს.

 „დღეს პროცესზე  ჩემი მაზლი რამაზი არ გამოცხადდა.  ოჯახმა გადაწყვიტა, რომ   მის  ინტერესებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე დაიცავს. ჩვენი ყოფილი ადვოკატი იზოლდა რაზმაძე საქმეს მას შემდეგ ჩამოშორდა, რაც ჩემი მეუღლე ლევანიც დააკავეს.  მისი ადვოკატი დაკავების დღიდან  ალექსანდრე კობაიძეა და ეს გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მივიღეთ“,  – აცხადებს ლევან  ქოქოშვილის მეუღლე ნინო ბალიაშვილი.
მისი თქმით,  რამაზ ქოქოშვილი შიმშილობას  კვლავ აგრძელებს.
როგორც „კვირას“ ადვოკატმა  ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა,  მისი ორივე კლიენტი თავს უდანაშაულოდ ცნობს.
ადვოკატმა   ბრალდებული  რამაზ ქოქოშვილი გუშინ საპატიმროში ინახულა.
მისივე თქმით, დანაშაულს არ აღიარებს  ბრალდებული ლევან ქოქოშვილიც.
მოსამართლე  ლევან დარბაიძემ დღევანდელი პროცესი 26 აგვისტოსთვის გადადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები