“ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორს შევთავაზე, დატოვონ თანამდებობა დღის ბოლომდე“

ვეღარ ვხედავ ვერანაირ ნიშანს იმისას, რომ არსებული მენეჯმენტის პირობებში ეს პრობლემა შეიძლება დარეგულირდეს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ოპერის თეატრის ირგვლივ განვითარებული მოვლენების თაობაზე განაცხადა.
მინისტრმა საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გამართა. როგორც მინისტრმა განაცხადა, მან დღევანდელ შეხვედრაზე სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორს შესთავაზა – დღის ბოლომდე თანამდებობა დატოვონ.
„სამინისტროს არაერთი მცდელობა, რომ ბრალდებები მხარეებს მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში განეხილათ, უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ, სამწუხაროდ, ვეღარ ვხედავ ვერანაირ ნიშანს იმისას, რომ არსებული მენეჯმენტის პირობებში ეს პრობლემა შეიძლება დარეგულირდეს. უფრო მეტიც, ამან მიიღო აბსოლუტურად მიუღებელი ფორმები. სახეზეა აშკარა დისკომუნიკაცია და მმართველი რგოლის შეუთანხმებელი მოქმედება. ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორს შევთავაზე, დატოვონ თანამდებობა დღის ბოლომდე. იმ შემთხვევაში, თუ არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, სამინისტრო, თავის მხრივ, მიიღებს ზომებს ოპერის მენეჯმენტის გადაყენებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები