“საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პროკურატურასთან უნდა ითანამშრომლოს”

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პროკურატურასთან უნდა ითანამშრომლოს.
მისი თქმით, ინფორმაცია, რაც გიორგი პაპუაშვილმა გაავრცელა, ნამდვილად საგანგაშოა და შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს – ზეწოლას მოსამართლეებზე კონკრეტული გადაწყვეტილების შეცვლის მიზნით.
“ჩვენი პოზიცია არის, რომ აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლომ სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლოს. ეს არის თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესტიჟის და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. როდესაც ასეთი სახის ინფორმაცია გაჟღერდა, აუცილებელია, გაჩნდეს, ერთი მხრივ, განცდა, რომ ამ განცხადებას ჰქონდა სერიოზული მიზეზები, ხოლო, მეორეს მხრივ, აუცილებელია, რომ სამართალდამცავებმა მიუკერძოებლად და ძალიან ოპერატიულად იმოქმედონ იმისთვის, რომ გამოძიება მოხდეს”, – განუცხადა ლომჯარიამ “პირWელს”.
მისი თქმით, გასაგებია, ეს განცხადება თავისი რეზონანსულობიდან გამომდინარე, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია მისი გამოძიება.
“დღეს, სამწუხაროდ, სხვა ფორმატს გამოძიება არ იცნობს, თუ რის ფარგლებშია შესაძლებელი ამ ტიპის დანაშაულის გამოძიება. არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პაპუაშვილი ყველა შემთხვევაში უარს იტყვის. ჩემთვის როგორც ცნობილია, ის ცდილობს, ინფორმაციები მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს მიაწოდოს. პრეზიდენტს შეხვდა, პრემიერ-მინისტრთანაც იგეგმება შეხვედრა. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ გენპროკურორსაც შეხვედროდა. იმედი მაქვს, ამ ინფორმაციის გადაცემის შემდეგ, ჩამოყალიბდება იმაზე, რომ ეს ინფორმაცია საგამოძიებო უწყებებსაც მიაწოდოს”, – აღნიშნა ლომჯარიამ.
მისი თქმით, თუ პაპუაშვილი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს, იძულების ფორმები არ არსებობს.
“ჩაითვლება, რომ ფაქტი არ მომხდარა, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს საკონსტიტუციოს იმიჯსაც (რადგან გამოდის, რომ უსაფუძვლოდ გაკეთდა ეს განცხადება), ასევე, სამართალდამცავების იმიჯსაც, რადგან გარკვეულწილად ისინი, ვინც დაიჯერებენ, რომ ასეთი რამ მოხდა, ჩაითვლება, რომ გამოუძიებელი დარჩა და არავინ დასჯილა”, – განაცხადა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა, ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მისაღებად, მოსამართლეების მიზანმიმართულ ზეწოლასა და დაშანტაჟებაზე განცხადება გააკეთა. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ მუქარა ეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მიმდინარე საქმეებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები