პროექტი – თბილისელი და ხარაგაულელი ბავშვების დასამეგობრებლად

11-დღიანი პროექტი სახელწოდებით: ,,კინოქალაქი ,,სინემა” ხონში” სტარტს 1-ელი აგვისტოდან აიღებს.
როგორც „კვირას“ სტუდია „პიონერფილმის“ ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ განუცხადა, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს თბილისელი და ხონელი ბავშვების დამეგობრებას.
,,კინოქალაქი ,,სინემა” ხონში” სკოლის გარეშე არაფორმალური განათლების ორგანიზაციებს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ფარგლებში ტარდება, რომელსაც ხელი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გასული წლის ნოემბერში მოეწერა. გრიგოლ ჩიგოგიძის ინფორმაციით, მოსწავლეებს კონოხელოვნებაში მასტერკლასებს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წამყვანი პედაგოგები ჩაუტარებენ, ხოლო ფოტოკინოხელოვნებაში – ცნობილი ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი. ასევე მომზადდება ერთობლივი სცენარები და ფილმები წარმატებულ ხონელებზე, მოეწყობა ექსკურსიები.
პროექტის ფარგლებში, გაიმართება კლასიკური მუსიკის საღამო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტის, სულხან გველესიანისა და მისი მეგობრების მონაწილეობით, რეზო თაბუკაშვილის თეატრის მონოსპექტაკლი ,,გოდერძი ჩოხელი“, რეჟისორ-შემსრულებლის იზა ვეფხვაძის მონაწილეობით.
მოსწავლეები ასევე შეხვდებიან რეჟისორ ლევან თუთბერიძეს, მოეწყობა რეზო ჩხეიძისა და ნანა მჭედლიძის გახსენების საღამოები. აღნიშნული პროექტი სტარტს ხონში აიღებს. ორგანიზატორთა ინფორმაციით, 11 დღის განმავლობაში ხონში ჩასული სტუმრები ადგილობრივების სახლებში იცხოვრებენ. პროექტი, რომელსაც ხონის ვეტა ჩხენკელის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე აკობიძე და სტუდია ,,პიონერფილმის” ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე უხელმძღვანელებენ, ხონის კულტურის ცენტრში საზეიმო ვითარებაში 11 აგვისტოს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები