„მრავალფეროვანი საქართველოს“ პროექტის ფარგლებში მწერლები ნინოწმინდაში ჩავლენ

დღეს, 12:00 საათზე, ნინოწმინდის კულტურის ცენტრში, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს’’ ფარგლებში, თანამედროვე მწერლები – გივი შაჰნაზარი, ავთანდილ ბერიძე და ანაჰიტ ბოსტანჯიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.
მწერლები ადგილობრივებს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ; საუბარი შეეხება ლიტერატურული პროცესების განვითარების მნიშვნელობას და ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, კულტურული დიალოგის გაღრმავების დადებით გავლენას; ინტერაქციის რეჟიმში მწერლები გამართავენ დიალოგს ადგილობრივ მკითხველებთან. ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნის „მესხური ფოლკლორი“, აგრეთვე „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ მიერ გამოცემული თარგმანების, მათ შორის სომხურ ენაზე ნათარგმნი ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაციები; ახალი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება და ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა;
დაგეგმილია ცნობილი ფოტოხელოვანის, იური მეჩითოვის ლექცია და გარი დავთიანის საოჯახო თეატრის ხელმძღვანელის, ჟანა დავთიანის მიერ წარმოდგენილი მონო-სპექტაკლი; ბენდი „ქიმერა“ კი კონცერტს გამართავს. ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადაეცემათ სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები