გიორგი კვირიკაშვილი: ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება

უნდა დასრულდეს ყველა მნიშვნელოვანი რეგიონული გზა, რათა ტურისტებმა შეძლონ ჩამოსვლა და მეტი შემოსავალი მოუტანონ ადგილობრივ მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩხოროწყუში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტრი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
„ვაპირებთ, 2020 წლის ბოლომდე საქართველოში დავასრულოთ ყველა მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიც არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელი გზები, რაც ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვენლოვანია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ამოცანის განხორციელება შეუძლებელია თანამედროვე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გარეშე. მისი თქმით, ეს არის ანაკლიის პორტი, რომლის მშენებლობის საწყისი სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება.
„გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია, მასთან მიმდინარეობს საბოლოო მოლაპარაკებები. ეს არის ქართულ-ამერიკული კონსორციუმი, რომელიც უკვე მუშაობას დაიწყებს წელს. სამ წელიწადში პორტის საწყისი ეტაპი უნდა დამთავრდეს და ანაკლიის პორტმა უნდა დაიწყოს დიდი გემების მიღება, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქება გარდამტეხი წერტილი. სამეგრელო გახდება მომავალი საქართველოს მომავალი განვითარების ლოკომოტივი. ყველაფერ ამისთვის უმთავრესი ბაზისი არის ქვეყნის უსაფრთხოება. დამეთანხმებით, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატად გოგა გულორდავა წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები