პრეზიდენტი: გიორგი პაპუაშვილმა კონკრეტული ფაქტები დამისახელა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებზე პოლიტიკოსების გამოუხმაურებები, რბილად რომ ვთქვათ, მინიმუმ იყო გაუგებარი, – საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, როდესაც ჟღერდება ინფორმაცია ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტზე ზეწოლის შესახებ, ამ საქმეში დეტალურად გარკვევის მცდელობა უნდა იყოს.
„დღეს მე მქონდა შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებზე პოლიტიკოსების გამოუხმაურებები, რბილად რომ ვთქვათ, მინიმუმ იყო გაუგებარი. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს, ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტზე ზეწოლის შესახებ, მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იყოს პოლიტიკოსების შეშფოთება და ბუნებრივია, უნდა იყოს მცდელობა ამ საქმეში დეტალურად გარკვევის.
მეორე, მე დღეს ვესაუბრე გიორგი პაპუაშვილს და მან მე კონკრეტული ფაქტები დამისახელა. ეს კონკრეტული ფაქტები, გამომდინარე იქიდან რომ ეხება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ინსტიტუტს, ისეთს, როგორიც არის, საკონსტიტუციო სასამართლო და  თანამდებობის ისეთ პირებს, როგორიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომელთაც აქვთ უმაღლესი დაცვის ხარისხი ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, ეს ფაქტი არის შემაშფოთებელი. ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი სახელმწიფოს დაცულობაზე, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობაზე.
სამწუხაროდ, მინდა მოგახსენოთ, რომ ამ ფაქტებმა მე არ გამაოცა, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, ახალი არ არის. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა სამართალდამცავების მხრიდან, ეს იყო რეალურად იმიტაცია. აქედან გამომდინარე, რაც მე მითხრა ბატონმა პაპუაშვილმა, ჩემთვის გასაოცარი არ არის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები