ლევან ვარშალომიძე აუდიტის სამსახურში მივიდა

აუდიტის სახელმწიფო სამსახურში, აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
ვარშალომიძე აუდიტის სამსახურში ცოტა ხნის წინ მივიდა. ვარშალომიძემ აუდიტის სამსახურში მისი დაბარების მიზეზზე ისაუბრა.
„ეს არის პროგრამა „სოციალური სახლი“, რომელიც ეხება სამი კატეგორიის სახლებს. ეს არის ავარიული სახლები, მეწყერსაშიში ზონიდან ხალხის ჩამოყვანა და ე.წ. ოცნების ქალაქები, რომლებიც აჭარაში ბოლო 4 წლის განმავლობაში შეიქმნა. პროგრამა ითვალისწინებს ამ კატეგორიის ხალხისთვის ბინების გადაცემას. მოლოდინია ის, რომ ჩვენ ამ სახლებს მაინც ავაშენებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვარშალომიძემ.
საქმე ეხება ლევან ვარშალომიძის მიერ დაწყებულ კამპანიას, სადაც ის მოქალაქეებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს და გამარჯვების შემთხვევაში მათ ბინის აშენებას ჰპირდება.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა, დაინტერესდეს ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო დაპირებებით, რომელიც, ორგანიზაციის აზრით, შესაძლოა, შეიცავდეს საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს. საქმე ეხება „სოციალური სახლების პროგრამას“, რომელსაც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახორციელებს ქალაქ ბათუმში. ვარშალომიძე აჭარაში მიდინარე წლის 3 ივლისს დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები