პრემიერი ქაბულში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ტერაქტს გმობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქაბულში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“უმკაცრესად ვგმობთ 2016 წლის 23 ივლისს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის შედეგად, ოთხმოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასობით – დაშავდა. საქართველოს მთავრობა გულითად სამძიმარს უცხადებს ავღანეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს ამ განსაცდელის ჟამს. მივიჩნევთ, რომ ეს თავდასხმა და სხვა მსგავსი ქმედებები, რომლებიც მიმართულია თავისუფლების, მშვიდობის და უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ, წარმოადგენს უდიდეს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე. ვიმედოვნებთ, საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით, შესაძლებელი იქნება ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოფხვრა და მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცება. საქართველო მხარს უჭერს ავღანეთის ხელისუფლების ძალისხმევას, არსებული გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ”.- ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
ქაბულში შიიტი-ხაზარების საპროტესტო აქციაზე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 80-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი 230-ს აღემატება.
ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, მესამე კი სამართალდამცველებმა გააუვნებელყვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები