სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლევილის მამულის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ევრო გამოიყოფა
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძემ განცხადებით, მისი უწყების მიერ წარმოდგენილი იქნა ათწლიანი გეგმა, რომლის განმავლობაშიც სახელმწიფო თავის ბიუჯეტში გაითვალისწინებს 5 მილიონამდე ევროს, რომ ათი წლის განმავლობაში ლევილის მამულში განხორციელდეს როგორც შატოს, ასევე მისი მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
ამის შესახებ გელა დუმბაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ საკითხი ფრანგული მხარის, პირველი რესპუბლიკის მეთაურების ოჯახების წარმომადგენელთა მოთხოვნაა.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა თქვა, ამ დოკუმენტით ფაქტობრივად დასრულდა ქართული მხარის მიერ აღებული პასუხისმგებლობა.
„მოგეხსენებათ, 16 მაისს წარმოვადგინეთ დიდი დოკუმენტი, განკარგულება ლევილის მიმართულებით, ახლა წარმოჩნდა ეს გაწერილი სქემა და ჩვენ შემდგომ ნაბიჯად ველოდებით უკვე ამ ოჯახებისგან საქართველოსთვის მამულის დაბრუნების, გადმოცემის საბოლოო ხელმოწერას. მთავრობის რეკომენდაციაა, რომ ეს უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე და ფაქტობრივად ეს არის უკვე ფრანგული მხარის გადასაწყვეტი. პარალელურად მიდის მოლაპარაკებები საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ნოტარიატთან, დეტალების დაზუსტების დონეზე“,- განაცხადა გელა დუმბაძემ.