გიორგი კვირიკაშვილი: თურქეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. მისი შეფასებით, ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი, რომლის ფარგლებში ხელი მოეწერა ხუთ შეთანხმებას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თურქეთთან ახალ საფეხურზე გადავიდა.
“ჩვენ გამოვხატეთ მხარდაჭერა თურქეთში დემოკრატიისადმი და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისადმი. შედეგები, რომლითაც ჩვენ ჩამოვედით, არის მართლაც სასიხარულო და მისასალმებელი. 5 ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და დეკლარაციას, რომლითაც სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობლივი საბჭო დავაფუძნეთ.
დაიძრა ადგილიდან ისეთი რთული თემები, როგორიცაა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების მოლაპარაკების გახსნა და იმ პროდუქციის ჩამონათვალის გაფართოება, რომელიც შეიძლება, საქართველოდან თურქეთის ბაზარზე შევიდეს. ეს არის ძალიან დიდი რამ საქართველოში წარმოებისთვის.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ გაიხსნება კიდევ ახალი მოლაპარაკება ქართული პროდუქციის თურქულ ბაზარზე შეტანისათვის. დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი მტკივნეული თემები, როგორიც იყო მაგალითად, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობა და ახლიდან იქნება მოლაპარაკებული, კვლევებზე დაყრდნობით, ისეთი ლოკაცია, რომელიც გარემოს არ დააზიანებს და მოიხსნება ის შეშფოთებები, რომელიც არის დღეს საზოგადოებაში. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ქართველი პრობაციონერები პრობაციას გაივლიან საქართველოში და პირიქით. ეს არის მართლაც ძალიან დიდი შეთანხმება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები