მიხეილ დუნდუა: ლარი არ გაუფასურდება

ივლისის თვეში, ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებას და მკვეთრ გაუმჯობესებას არ უნდა ველოდეთ. ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „2030“-ის წევრმა, ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
მისი თქმით, ვალუტის კურსის ცვლილება დამოკიდებულია საგარეო ვალის დაფარვის მიმდინარეობაზე, რაც კომერციული ბანკების მხრიდან რიტმულად და თანაბარზომიერად მიმდინარეობს.
„ვალის გადახდა რიტმულად მიმდინარეობს. კომერციული ბანკები თანაბარზომიერად ახდენენ დოლარის შესყიდვას და ვალის მომსახურების უზრუნველყოფას. კომერციული ბანკების ინტერესია, რომ ლარი არ გაუფასურდეს, რადგან მათ გაურთულდებათ და გაუძვირდებათ ვალის მომსახურება. ისინი მიმდინარე თვის განმავლობაში თანაბარზომიერად ახორციელებენ ლარის შესყიდვებს. შესაბამისად, ლარის კურსი სტაბილურად არის 2.34 – 2.35-ის მიდამოში“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
მისივე შეფასებით, მას შემდეგ, რაც მთავრობამ ტურიზმის წახალისება და მთელი რიგი პროგრამები წამოიწყო, მოკლე პერიოდში უკვე მომგებიანი გახდა.
„ტურიზმის წახალისების ხარჯზე შემოსავლები კიდევ უფრო გაიზრდება, რომლის პიკიც უკვე ივლის -აგვისტოში დადგება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზრდილი შემოსავლები ვალუტის შემოდინება-გადინებას შორის ბალანსს გააუმჯობესებს. ივლისის თვის განმავლობაში, კომერციული ბანკები ნახევარ მილიარდ დოლარს გადაიხდიან.
შესაბამისად, ივლისი თვეში ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებას და მკვეთრ გაუმჯობესებას არ უნდა ველოდეთ. საქართველო დღეს მნიშვნელოვან ეტაპზეა და საგარეო ვალის დიდი რაოდენობით მოცილების პერიოდი დგას“, – განაცხადა ეკონომისტმა.
წელს, საქართველოს კერძო და სახელმწიფო სექტორს, მთლიანობაში გადასახდელი ჰქონდა 4 მილიარდ 780 მილიონი დოლარი საგარეო ვალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები