მიხეილ დუნდუა: უარყოფითი ფაქტორი, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებს, ქვეყნის საგარეო ვალის დაფარვას უკავშირდება

ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი მდგომარეობის უარყოფითი ფაქტორი, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებს, ქვეყნის საგარეო ვალის დაფარვის მიმდინარეობას უკავშირდება, – ამის შესახებ ორგანიზაცია ”2030”-ის წევრმა, ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ ”კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული ფაქტორი მაშინ გამოჩნდა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ვალის დაფარვის გრაფიკი, რის საფუძველზეც შეიქმნა ასეთი მოცემულობა: წელს საქართველოს კერძო და სახელმწიფო სექტორს, მთლიანობაში გადასახდელი ჰქონდა 4 მილიარდ 780 მილიონი დოლარი საგარეო ვალი.
„ეს არის პიკური მაჩვენებელი და მთლიანი შიდა პროდუქტის 34%-ს შეადგენს. ეს ის დავალიანებებია, რომელიც წინა პერიოდში იქნა აღებული და ჩვენ ვალად დაგვრჩა გადასახდელი. შესაბამისად, წელს მისი მაჩვენებელი, ბუნებრივია, ქვეყნიდან ფინანსური რესურსების გადინებას იწვევს. გაცილებით უმჯობესდება მდგომარეობა 2017 წლიდან, როცა დასაფარი ვალი 2 მილიარდ ნახევრის მიდამოშია და ვითარებას საგრძნობად შეამსუბუქებს. მესამე, – 2018 წელს კი, ძალიან მცირე იქნება გადასახდელი. ჩვენ ახლა უნდა გადავლახოთ საქართველოსთვის პიკური ეტაპი ვალის მომსახურების თვალსაზრისით“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
მისი ინფორმაციით, ამ ვალის ნაწილი უკვე დაფარულია, მაგრამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომერციული ბანკების წილი მთელ დავალიანებაში. კერძოდ, დუნდუას თქმით, კომერციულ ბანკებს წელს დასაფარი ჰქონდათ მილიარდ ნახევარზე მეტი და 1 ივნისიდან მოყოლებული, აღმოჩნდა, რომ მათ დაუყოვნებლივ აქვთ დასაფარი 490 ათასი მილიონი დოლარი, შემდგომ კვარტალში კი – 365 მილიონი. ჯამში, მესამე კვარტალში, 850 მილიონი დოლარი უნდა დაფარონ.
მიხეილ დუნდუას განცხადებით, მთელი რიგი პარამეტრები, რაც განაპირობებს ლარის ბუნებრივი გამყარების პროცესს, წესრიგშია. საქმე ეხება ექსპორტს, ტურისტულ შემოსავლებს, სავალუტო ექსპორტის, იმპორტ-ექსპორტის სხვაობას, ფულად გზავნილებს, რომელთა მაჩვენებლებიც გაუმჯობესებულია და, შესაბამისად – გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები