დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ მოხსენებით წარდგა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა – სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება“.
მან მოხსენება გააკეთა თემატურ სესიაზე, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალ სავაჭრო სივრცეს (DCFTA), მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეფორმებსა და ეკონომიკურ გავლენას მიეძღვნა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება დაიწყო სამძიმრით საფრანგეთისა და ფრანგი ხალხისადმი 14 ივლისს, ქალაქ ნიცაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის დროსაც რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
DCFTA-ზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა აღნიშნული შეთანხმების ამოქმედებას საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით. პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მკაცრად გაწერილი სამოქმედო გეგმა იმ რეფორმებისა, რომლებიც უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოებასთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც ევროკავშირთან გაფორმებული აქვთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, გამოირჩევა თანამიმდევრული რეფორმებით. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს ეხმარება ბევრი მიმართულებით, მათ შორის, ვაჭრობა, ექსპორტის ხელშეწყობა, ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის რეფორმა და სხვ.
მისი შეფასებით, ყოველივე მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, ხელი შეეწყოს ქვეყნის განვითარებას და რაც მთავარია, ყველა ეს პოზიტიური პროცესი უნდა აისახოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს ბიზნესს გაუჩნდა DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, მათ შორის, საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ევროკავშირის ბაზარზე რეალიზების თვალსაზირისით. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, იზრდება საქართველოში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი, რომელიც იყიდება ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე.
იმ დროს, როდესაც საქართველოს მთლიან საგარეო ვაჭრობაში დსთ-ს წილი მცირდება, იზრდება ევროკავშირის ანალოგიური მაჩვენებელი და 30 პროცენტამდე გაიზარდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, DCFTA-ის ამოქმედებამ საქართველოს მისცა შესაძლებლობა, მოიზიდოს მეტი უცხოური ინვესტიცია საქართველოს ბაზარზე.
მისი ინფორმაციით, საქართველოში აზიის ქვეყნებიდან გადმოვიდა რამდენიმე წარმოება, რაც DCFTA-ის ამოქმედების პირდაპირი შედეგია. აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე, ისინი ევროკავშირში ექსპორტის განხორციელებისას ნაკლებ გადასახადებს გადაიხდიან. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებებზე, რომლებიც აისახა საერთაშორისო რეიტინგებში.
მან ასევე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იმ პროგრამებს, რომლებსაც ევროკავშირი ახორციელებს საქართველოში DCFTA-ის იმპლემენტაციის მიმართულებით. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ პროექტზე, რომლის დროსაც ხელი მოეწერა 220 მილიონი ლარის ოდენობის ინსტრუმენტს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესში კრედიტის ლარში აღების შესაძლებლობას მისცემს.
მისი განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული სეგმენტის მეწარმეებისთვის, ასევე უდიდესი ფუნქცია აქვს ევროკავშირის მიერ გამოყოფილ ტექნიკურ დახმარებას.
თემატურ სესიაში ასევე მონაწილეობნენ ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვა, რუმინეთის რესპუბლიკის დეპუტატების პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ანა ბირჩალი, მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე დანიელა მორანი და სხვა. თემატიკური სესიის სპიკერებმა ოფიციალური მოხსენებების შემდეგ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები