თენგიზ მუშკუდიანს დღეს ვარსკვლავს გაუხსნიან

დღეს, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში, გამოჩენილი ქართველი მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის, თენგიზ მუშკუდიანის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია და გალაკონცერტი გაიმართება.
თბილისის ოპერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონცერტის დასასრულს თენგიზ მუშკუდიანს საქართველოს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო ”ხელოვნების ქურუმი“ ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცემა, ხოლო ოპერის თეატრის წინ, ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელსაც კულტურის პალატა უწევს ორგანიზებას.
”თენგიზ მუშკუდიანი 32 წელი საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სცენაზე იდგა, ასრულებდა განსხვავებული სტილის პარტიებს, ქმნიდა საოპერო გმირების საინტერესო სახეებს, გამოირჩეოდა მომხიბვლელი ტემბრის ბანით. მნიშვნელოვანია თენგიზ მუშკუდიანის პედაგოგიური მოღვაწეობაც. იგი მთელ თავის გამოცდილებას გადასცემს თავისი კლასის აღსაზრდელებს, რომელთაგან არაერთი ჩართულია სხვადასხვა თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში – საქართველოში თუ საზღვარგარეთ. სწორედ მისი ყოფილი და ამჟამინდელი მოწაფეები ავლენ სცენაზე 14 ივლისს დაგეგმილ გალაკონცერტზე”,- აცხადებენ თბილისის ოპერაის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები