ოპერის თეატრის წინ თენგიზ მუშკუდიანის ვარსკვლავი გაიხსნება

სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის ინიციატივით, ხვალ, ოპერის თეატრში საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული მომღერლის, თენგიზ მუშკუდიანის საოპერო შემოქმედებისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება.
საღამოზე თენგიზ მუშკუდიანს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცემა.
თენგიზ მუშკუდიანს ჯილდოს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი გადასცემს. დაჯილდოების შემდეგ, ოპერის თეატრის წინ საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, თენგიზ მუშკუდიანის ვარსკვლავი გაიხსნება.
გალა-კონცერტში მონაწილეობას სახალხო არტისტები, თენგიზ მუშკუდიანის ყოფილი და ამჟამინდელი მოსწავლეები მიიღებენ. საზეიმო გალა-კონცერტს თანხლებას საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი გაუწევს. სადირიჟორო პულტთან ზაზა აზმაიფარაშვილი, რევაზ ტაკიძე და გიორგი ჭიჭინაძე იდგებიან.
საღამოზე შესრულდება ფრაგმენტები ცნობილი ოპერებიდან, ასევე, გამოყენებული იქნება თენგიზ მუშკუდიანის საოპერო შემოქმედების ამსახველი უნიკალური კადრები, რომელიც ოპერას ღონისძიების პარტნიორმა – საქართველოს ეროვნულმა არქივმა მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები