ეროვნულ არქივში ახალი საგამოფენო დარბაზი გაიხსნება

ეროვნულ არქივს ახალი საგამოფენო დარბაზი ექნება. სპეციალურად მოწყობილ გალერეაში ფონდებში დაცულ უნიკალურ კოლექციებს წარადგენენ. დარბაზში პირველი ექსპოზიცია „ჩვენი არქივი − ჩვენი საუნჯე“ 19 ივლისს გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე მრავალფეროვანი ექსპონატები: IX-XIX საუკუნეების ხელნაწერები და ისტორიული საბუთები, XIX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამსახველი მასალა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტები, საბჭოთა პერიოდის ფოტო- თუ წერილობითი საბუთები, XX საუკუნის 90-იანი წლების დოკუმენტური ქრონიკა.
1920 წელს შექმნილ არქივს არასოდეს ჰქონია სივრცე გამოფენების თუ საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად. მრავალფეროვანი მასალის საზოგადოებისთვის წარსადგენად იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით საგამოფენო გალერეა პირველად შენდება.
ახალი შენობის საგამოფენო დარბაზში გამოფენების გარდა გაიმართება საჯარო ლექციები, საგანმანათლებლო პროექტები, გამოცემების პრეზენტაციები. შენობის ანტრესოლზე განთავსდება მედიათეკა და წიგნების მაღაზია. მედიათეკაში ნებისმიერი მსურველი ისარგებლებს უნიკალური წიგნებით, კომპიუტერებითა და ინტერნეტით; წიგნების მაღაზიაში კი საარქივო დოკუმენტების გამოყენებით დამზადებული მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი. ეროვნული არქივი საქართველოს დოკუმენტური მეხსიერების ყველაზე დიდი საცავია. აქ 5 მილიონამდე საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი, 439 063 ფოტო, 19 063 ფონო და 34 904 კინოდოკუმენტი; 80 000-მდე წიგნი და 50 000-მდე პერიოდული გამოცემაა დაცული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები