ხიდაშელი აგულაშვილის გადაწყვეტილებაზე – მე მაინც მჯერა სიყვარულის, მეგობრობის, ერთგულების

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გიგლა აგულაშვილის „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას აფასებს. როგორც ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, აგულაშვილის გადაწყვეტილება მისთვის მიურებელია, თუმცა მისი შეფასებით, ყველას უნდა შეეძლოს ადამიანის არჩევანის პატივისცემა.
„არ ვიცი ეს ჩემი გზავნილი როგორ იქნება გაგებული, მაგრამ აუცილებლად უნდა დავწერო. სწორედ იმიტომ, იმავე მიზეზით და ღირებულებებით, რის გამოც დღევანდელი გადაწყვეტილება მივიღე. არსებობს ამ ქვეყნად ღირებულებები, ადამიანის არჩევანის პატივისცემა, მეგობრობა ბოლომდე, ერთგულება წარსულის და ფიქრი მომავალზე, რომელიც ზუსტად არ წარსულის ნაყოფია და მასზე შენდება. გიგლა ჩემი მეგობარია, არა ერთი წლის და ერთი დღის. არც პოლიტიკაში დავმეგობრებულვართ. მან სხვა არჩევანი გააკეთა და რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს არჩევანი (ჩემთვის მიუღებელია, სწორედ ამიტომ აღარ ვართ დღეიდან ერთად საქმეში), უნდა შეგვეძლოს ადამიანის არჩევანის პატივისცემა.
პოლიტკური პარტიის მანდატი არ სძენს ადამიანს ღირსებას, ან არ აქცევს უღირსად, მისი საქციელი და პრინციპების ერთგულება აქცევს ასეთად. ძალიან მჯერა, რომ გიგლა ზუსტად აქ იქნება მუდამ, რომელი პარტიის მანდატიც არ უნდა ჩაიდოს ჯიბეში. სხვა საკითხია მომენტის მნიშვნელობა, რამდენად გჯერა მისი ნაბიჯის სისწორის, მაგრამ ყველას მინდა გთხოვოთ, სანამ საყოველთაო დაგმობის კამპანიაში ჩაერთვებით, გვერდზეც მიიხედ-მოიხედეთ, წესიერი ადამიანების დიდი ნაკლებობაა ქვეყანაში. დათომ კი თქვა დღეს პოლიტიკა სენტიმენების სფეროდან არ არის, მაგრამ მე მაინც მჯერა სიყვარულის, მეგობრობის, ერთგულების, მსგავსი ღირებულებების და პრინციპების ადამიანების ძიების მუდმივი თანაკვეთის, მათ შორის პოლიტიკაშიც“, – წერს ხიდაშელი.
ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ.
გიგლა აგულაშვილმა კი, „რესპუბლიკური“ პარტია დატოვა და „ქართული ოცნების“ წევრი გახდა. აგულაშვილი მინისტრის პოსტზე რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები