გლობალური ვაჭრობის შესაძლებლობების მიხედვით, საქართველო დსთ-ის სივრცის ლიდერია
საერთაშორისო ორგანიზაცია World Economic Forum-ის მოხსენებაში – ”გლობალური ვაჭრობის შესაძლებლობები 2014” საქართველომ 36-ე ადგილი მოიპოვა. მან 7 მაქსიმალური ქულიდან 4,5 ქულა მოაგროვა, რაც დსთ-ის სივრცეში საუკეთესო მაჩვენებელია. მეზობელი სომხეთი 53-ე ადგილზე აღმოჩნდა, აზერბაიჯანი – 77-ზე, რუსეთი – 105-ზე, ყველაზე ბოლოს კი ყირგიზეთია (109-ე ადგილი). რაც შეეხება მსოფლიო ლიდერს, პირველ ადგილს სინგაპური ინარჩუნებს (5,9 ქულა).
ქვეყნებმა შეფასება ოთხი პარამეტრის მიხედვით მიიღეს, გარკვეული ფაქტორებისა და სახელმწიფო პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც თავისუფალ ვაჭრობას ხელს უწყობს.
ბაზრის ხელმისაწვდომობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მე-13 ადგილზე აღმოჩნდა, მათ შორის, ადგილობრივ ბაზარზე დაშვების კუთხით, საქართველომ წამყვანი, მე-6 პოზიცია დაიკავა, თუმცა, უცხოური ბაზრების ხელმისაწვდომობით, ნაკლებად მიმზიდველ ადგილზეა (49-ე).
საბაჟო-სასაზღვრო ადმინისტრირების კუთხით, რომელიც გამჭვირვალე და ეფექტურ მართვას ითვალისწინებს, საქართველომ 35-ე ადგილი დაიკავა (ეს ყველა მეზობელთან, მათ შორის, თურქეთთან შედარებით, საუკეთესო მაჩვენებელია).
სამაგიეროდ, ინფრასტრუქტურის მდგომარეობით, საქართველო დსთ-ის სივრცის მხოლოდ საშუალო მაჩვენებლებს აკმაყოფილებს და 71-ე ადგილზე აღმოჩნდა. კერძოდ, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხისა და მისაწვდომობის მიხედვით, 56-ე ადგილზეა, ხოლო მომსახურების ხარისხით – 99-ზე.
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებითა და ხელმისაწვდომობით ქვეყანამ სიაში 68-ე პოზიცია დაიკავა, საოპერაციო გარემოს მიხედვით კი – 48-ე.
წყარო: “ბიზნესპრესნიუსი”