“თინეიჯერი გოგონები უფრო რთული გამოწვევების წინაშე დგანან, ვიდრე ბიჭები”

11 ივლისი მოსახლეობის მსოფლიო დღეა. წელს მოსახლეობის მსოფლიო დღის თემა თინეიჯერი გოგონების გაძლიერებაა. საზოგადოდ, თინეიჯერი გოგონები უფრო რთული გამოწვევების წინაშე დგანან, ვიდრე ბიჭები.
ბევრ ქვეყანაში თვლიან, რომ გოგონა, რომელმაც მიაღწია გარდატეხის ასაკს, უკვე მზად არის ოჯახის შესაქმნელად და შვილის გასაჩენად. ხშირად თინეიჯერ გოგონებს იძულებით აქორწინებენ და, შედეგად, ისინი წყვეტენ განათლების მიღებას სკოლაში. შესაბამისი განათლების არქონა, მოზარდობის ასაკში მშობიარობა და მძიმე ფიზიკური დატვირთვა, ხშირ შემთხვევაში ართმევს გოგონებს განვითარების და თვითრეალიზების საშუალებას და საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
გამოწვევების წინაშე განსაკუთრებით ის თინეიჯერი გოგონები დგანან, რომლებიც მიეკუთვნებიან სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობას, ცხოვრობენ სოფლებში, ან არიან სოციალურად დაუცველები.
როცა თინეიჯერ გოგონას აქვს ძალა, შესაძლებლობა და ინფორმაცია, მიიღოს ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები, მისი ცხოვრება სხვაგვარად ვითარდება. ამ შემთხვევაში ის უკეთ ახდენს საკუთარი პოტენციალის რეალიზებას და ხდება დადებითი ცვლილების ინიციატორი როგორც ოჯახში, ასევე თემისა და საზოგადოების დონეზე. ყველა თინეიჯერ გოგონას აქვს უფლება, უსაფრთხოდ და წარმატებით მიაღწიოს სრულწლოვანების ასაკს და ისარგებლოს ყველა იმ შესაძლებლობებით, რომელიც მას ეკუთვნის.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიზანია ხელი შეუწყოს და დაიცვას მათი უფლებები და მხარი დაუჭიროს თინეიჯერ გოგონებს, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მხარს უჭერს ქვეყნების ძალისხმევას, გააძლიეროს თინეიჯერი გოგონები, დაიცვას მათი უფლებები, უზრუნველყოს მათთვის ინფორმაციისა და სერვისების ხელმისაწვდომობა, მათ შორის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. 2015 წელს, UNFPA, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, დაეხმარა 11.2 მილიონ 10 დან 19 წლამდე თინეიჯერ გოგონას, რომ ჰქონოდა წვდომა სქესობრივი და რეპროდუქციულ ჯანმრთელობის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე და სერვისებზე.
შარშანდელი მონაცემებით, 73 ქვეყანაში შემუშავდა ან განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამები რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო თინეიჯერი გოგონებისა და ბიჭებისთვის სკოლაში და სკოლის გარეთ.
2015 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდმა ხელი შეუწყო 89 ქვეყანას, შეემუშავებინა და განეხორციელებინა კანონები და ნორმები, რითაც საშუალება მისცა თინეიჯერ გოგონებს, მიუხედავად მათი ოჯახური მდგომარეობისა, ჰქონოდათ წვდომა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე თინეიჯერი გოგონების განვითარების ხელშეწყობა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის დახმარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ორგანიზაცია ხელს უწობს ახალგაზრდებისათვის ინფორმაციის მიწოდებას ცხოვრების ჯანსაღი წესის, ადამიანის უფლებების, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ, მხარს უჭერს ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციისა და აღმოფხვრისაკენ მიმართულ ძალისხმევას.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები