ჩინელი აკრობატების დასი ბათუმში გრანდიოზულ წარმოდგენას გამართავს

ჩინელი აკრობატების დასი ბათუმში გრანდიოზულ წარმოდგენას გამართავს. ღონისძიებასთან დაკავშირებით, დღეს 16:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციური, აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე და ჩინელ აკრობატთა დასის წარმომადგენლები გაუძღვებიან.
ჩინელ აკრობატთა დასი „Tianjin Beauty Arts Troupe“ წარმოდგენას 8 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამართავს.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება.
58 არტისტისგან დაკომპლექტებული დასი მრავალფეროვანი რეპერტუარით წარადგენს ჩინურ კულტურას, მათ შორის აკრობატულ ნომრებს, ჩინურ ცეკვასა და სიმღერას, ასევე კუნგფუს წარმოდგენას. დასწრება თავისუფალია.
ღონისძიება ტარდება ორ ქვეყანას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. 2015 წლის ნოემბერში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის გაფორმდა ოქმი, რომელიც 2016-2019 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. ღონისძიება ხორციელდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჩინეთის ხელოვნებისა და გასართობ ღონისძიებათა ჯგუფის, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრისა და თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები