ისტორიის მუზეუმში თამარ მელიქიშვილის ნამუშევრების გამოფენა – „დღის ერთი მეოთხედი“ გაიმართება

დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში თამარ მელიქიშვილის ნამუშევრების გამოფენა – „დღის ერთი მეოთხედი“, გაიხსნება.
ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შესრულებული 70-მდე მცირე და დიდი ზომის ფერწერული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
„თამარ მელიქიშვილმა პროექტი დროს დაუკავშირა – მომენტს, როდესაც ის შორდება სინამდვილეს და ტილოზე სხვა, ახალი რეალობის შექმნას იწყებს. ავტორი ამ პროექტში აღიარებს სპონტანურობას და ამით ამარცხებს კონცეპტუალურ იდეას. მან თავი სრულად გაითავისუფლა „სერიულობისაგან“ და იმუშავა თემებზე, რომლებიც, მისივე განმარტებით, თანამედროვეობასაც ეხმიანება და, ამასთანავე, არქაულია. ექპოზიციაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში დამთვალიერებელი იხილავს ადამიანთა სახეებს, რომელთაც აერთიანებთ ემოციები: ვნება, სევდა, გაუცხოება, იდუმალება და სხვა“, – აცხადებენ გამოფენის ორგანიზატორები.
თამარ მელიქიშვილი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. მუშაობდა ფილმების მხატვრად, იყო კინოჟურნალ „სარკმელის“ დიზაინერი. გამართული აქვს რამდენიმე პერსონალური გამოფენა, ასევე მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში. გამოფენა „დღის ერთი მეოთხედი“ 30 აგვისტომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები