ლადო ბოჟაძე – ხშირ შემთხვევაში, კვლევები ამომრჩეველს გადაწყვეტილებას აღებინებს

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ სოციოლოგიური კვლევები, რომლებსაც პარტიები რეიტინგის დასადგენად აწარმოებენ, ხშირ შემთხვევაში ერთგვარი ზემოქმედების საშუალებაა, რომელიც ამომრჩეველს გარკვეულწილად გადაწყვეტილებასაც აღებინებს.
„ის, რომ სრულიად განსხვავებულ სურათს ვღებულობთ, ეს სრულიად წარმოუდგენელია და ამას სოციოლოგიასთან და მეცნიერებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. არ შეიძლება ერთსა და იგივე ქალაქში ტარდებოდეს კვლევები და ერთ შემთხვევაში, ერთი პარტია იგებდეს, მეორე შემთხვევაში კი იგივე ქალაქში – სხვა პოლიტიკური პარტია. სამწუხაროდ, ჩვენთან ძალიან იშვიათად შეიძლება ადამიანმა მიაგნოს ისეთ კვლევას, რომლის შედეგებიც ადეკვატური იქნება იმ შედეგებისა, რომლებიც დადგება 8 ოქტომბერს. ყველაზე კარგი კვლევები, სწორედ კენჭისყრის დღე, 8 ოქტომბერი იქნება, როდესაც ჩვენ ვნახავთ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მოსახლეობამ. საარჩევნო კამპანიის მოახლოებასთან ერთად, კვლევები კიდევ უფრო ხშირი და ინტენსიური გახდება“,- განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე განმარტებით, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, შედარებით მაღალი ნდობის მანდატი, თითქოსდა, იმ კვლევებს აქვთ, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება, დამკვეთისთვის ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ შედეგები მისთვის ადეკვატური იყოს. ამიტომაც კვლევების გაკონტროლება რთულია და ის უშუალოდ დამკვეთისა და შემსრულებლის მოლაპარაკების საფუძველზე ხორციელდება.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბოჟაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კვლევის ჩატარების დროს რამდენიმე ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, კვლევბის ადგილი, გამოკითხული ადამიანების რაოდენობა, მათი კატეგორია, გენდერული ბალანსი, კითხვების ხასიათი და სხვა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბოჟაძე ეგზიტპოლების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სხვაობა გამოკითხვებს შორის აქაც ხშირ შემთხვევაში დიდია.
„ეგზიტპოლები კენჭისყრის დღეს ტარდება და გულისხმობს საარჩევნო უბნიდან გამოსული ამომრჩევლის გამოკითხვას. თუ ამომრჩეველი ჩათვლის საჭიროდ, რომ მას გაუმხილოს მის მიერ გაკეთებული არჩევანი, ამის მიხედვით ხდება ამის დადგენა, თუმცა, კანონმდებლობის თანახმად, ეგზიტპოლების, ისევე როგორც საზოგადოებრივი კვლევის გამოქვეყნება, აკრძალულია კენჭისყრის დღემდე 24 საათით ადრე. თავად ეგზიტპოლების გამოქვეყნება კი აკრძალულია საღამოს 20:00-მდე, ვიდრე კენჭისყრა დასრულდება, სწორედ იმის გამო, რომ დღის განმავლობაში არ მოხდეს ეგზიტპოლების საშუალებით გარკვეული ზემოქმედება ამომრჩეველზე. აქ რომ გავიხსენოთ იგივე მერის არჩევნები, მივხვდებით, რომ სხვადასხვა კომპანია, სხვადასხვა შედეგს აჩვენებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ძალიან განსხვავდება ოფიციალური შედეგებისგან“,- განაცხადა ბოჟაძემ.
შეკითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ განსხვავებული კვლევები დაპირისპირების მიზეზიც გახდეს, ბოჟაძე 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებს იხსენებს და აცხადებს, რომ პროცესი, რამაც გაამყარა საზოგადოებაში ის აზრი, რომ არჩევნები გაყალბდა, იყო ის, რომ მაშინ მოხდა ხმების პარალელური დათვლა და სხვადასხვა ოქმი აღმოჩნდა, თუმცა თავის დროზე ისინიც, საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ იყო გაცემული.
„სწორედ ამას მოჰყვა გარკვეული პროცესები და შემდეგ „ვარდების რევოლუციაც“. მე ნაკლებად მჯერა, რომ მოსახლეობა ახლა, 2016 წლის არჩევენებზე კვლავ იმ სცენარით მოტყუვდება, თუმცა ბევრი შეეცდება იგივე სცენარის გამეორებას და ამომრჩევლის მანიპულირებას, რომ მე მთელი სამი თვის მანძილზე ვიგებდი არჩევნებს და მეორე ადგილზე გავდიოდი, ცესკომ კი რა გააკეთა და შედეგები დადო, გამოდით, ხალხო და გავაპროტესტოთო, დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი ამას არ მიიღებს, მოვუწოდებ ამომრჩეველს, რომ თავად ნახონ და დაფიქრდნენ, კერძოდ კი, გამოუკითხიათ თუ არა მისი ოჯახის წევრი, ან სატელეფონო გამოკითხვას თუ ჰქონდა ადგილი. უამრავი კვლევა ტარდება, ათასობით ადამიანი სახელდება, მაგრამ რომ მოვიხედავთ, ერთ ადამიანს ვერ იპოვით ისეთს, რომელთანაც ნამდვილად ჩატარდა კვლვა. ადამიანები ვეძებთ მათ, ვინც ამა თუ იმ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო და ვერ ვპოულობთ“,- განაცხადა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები