რუსული Enteromix-ის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა კლინიკური გამოყენებისთვის მზადაა
რუსეთის ფედერალურმა სამედიცინო და ბიოლოგიურმა სააგენტომ (FMBA) განაცხადა, რომ მისმა mRNA-ზე დაფუძნებულმა კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინამ, Enteromix-მა, პრეკლინიკურ კვლევებში 100%-იანი წარმატება აჩვენა,- ამის შესახებ ინფორმაცია, უცხოურ მედიაში ვრცელდება.
როგორც მედია აღნიშნავს, ინფორმაცია სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვერონიკა სკვორსოვამ აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე (EEF) დაადასტურა.
მისივე ცნობით, ვაქცინამ არა მხოლოდ უსაფრთხოება, არამედ სიმსივნესთან ბრძოლის ძლიერი უნარიც აჩვენა.
„კვლევა რამდენიმე წელი გაგრძელდა, ბოლო სამი წელი კი სავალდებულო პრეკლინიკურ კვლევებს დაეთმო. ვაქცინა ახლა გამოსაყენებლად მზადაა, ველოდებით ოფიციალურ დამტკიცებას“, – განაცხადა სკვორსოვამ.
მან დასძინა, რომ ვაქცინის პირველი ფორმა გამოყენებული იქნება მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ, ხოლო მეორე ვერსია შემუშავების პროცესშია გლიობლასტომის – ტვინის კიბოს და მელანომის, კანის კიბოს კონკრეტული ტიპებისთვის.
როგორც უცხოურ მედიაში წერენ, ეს პერსონალიზებული ვაქცინა კიბოს უჯრედების დასამიზნებლად mRNA ტექნოლოგიას იყენებს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სიმსივნის ზრდის შენელების და ზომის შემცირების თვალსაზრისით, ვაქცინა 60-80%-იან ეფექტურობას აჩვენებს. თუმცა, ამ ეტაპზე არ არსებობს უტყუარი მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ვაქცინა 100%-ით ეფექტურია.
მედიის ცნობით, რუსეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად პერსონალიზებულ mRNA ვაქცინებზე მუშაობს. გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჯანდაცვის სამსახური (NHS) მალე გეგმავს mRNA კიბოს ვაქცინების კლინიკური კვლევების დაწყებას.
როგორც ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა მხოლოდ კონკრეტული კიბოს მქონე პაციენტებზე იტესტება, რუსეთი ვაქცინის სხვა სახის კიბოს სამკურნალოდ დახვეწას გეგმავს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფართოდ გამოყენების შემთხვევაში, მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებლები, შეამციროს ინტენსიური ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის საჭიროება და გააუმჯობესოს პაციენტების ცხოვრების ხარისხი.