ლევან ღირსიაშვილმა, ახალ სასწავლო წელს, თელავის სრულად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა რევაზ სოხაძესთან ერთად გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა, ახალ სასწავლო წელს, ქალაქ თელავის სრულად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად გახსნა.

პრესსამსახურის ცნობით, მინისტრის მოადგილემ სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

,,ლევან ღირსიაშვილმა, რევაზ სოხაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახლად რეაბილიტირებული სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა.

სკოლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა – ირაკლი ქადაგიშვილმა და გელა სამხარაულმა.

თელავის განახლებულ N2 საჯარო სკოლაში მოწყობილია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები, ეზო და უსაფრთხოების სისტემები. შენობაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა და ლაბორატორია, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, თეორიულთან ერთად პრაქტიკული ცოდნაც მიიღონ. სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობას.

350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. თელავის N2 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახლდა. პროექტის საერთო ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

სკოლის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ, ლევან ღირსიაშვილმა ამავე სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა.

ლევან ღირსიაშვილი მეფე ერეკლე II-ის სახელობის თელავის პირველ საჯარო სკოლას და ალავერდის ეპარქიასთან არსებულ წმ. შალვა, ბიძინა და ელიზბარის სახელობის საშუალო სკოლასაც ეწვია, სადაც სკოლების ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები