ბაია კვიციანი ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს იმერეთის რეგიონის ახლად რეაბილიტირებულ სკოლებს ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს იმერეთის რეგიონს ესტუმრა, სადაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნას ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა და ქალაქ ხონის სრულად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა დაათვალიერა, – ამის შესახებ ინფორმაციას, განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილემ სოფელ გურნას და ქალაქ ხონის პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
სოფელ გურნას საჯარო სკოლაში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად შენობა სრულად განახლდა და ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარიული კვანძები და პანდუსი. ასევე, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. ამასთან, სკოლა სრულად აღიჭურვა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით.
სოფელ გურნას საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 252 344 ლარს შეადგენს.
ბაია კვიციანი ასევე ეწვია ქალაქ ხონის მესამე საჯარო სკოლას, სადაც 2025-2026 სასწავლო წლიდან დაინერგა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – „Front-end დეველოპმენტი“. ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია Front-end დეველოპმენტის მიმართულებით უზრუნველყოს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან მომხმარებლის ინტერაქტიური და ვიზუალურად გამართული ვებგვერდის ინტერფეისი, განახორციელონ ვებგვერდის ოპტიმიზაცია და ვებ-პროექტის ვერსიების კონტროლი, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.