ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყო
ოზურგეთის დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. პირველი სპექტაკლი ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა: მუსიკალური ბალადა – „ბოშები“.
ვასილ ჩიგოგიძე, დეკადის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი:
„ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი გურიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო მეტიც, ესაა ამდენი ხნის ოცნების ახდენა. ეს არის ჩვენი ჩანაფიქრი, რომელზეც ხშირად ვფიქრობდით. ფესტივალი შედგა.
თავიდან მოკრძალებულად დავიწყეთ, მხოლოდ და მხოლოდ თეატრალური დეკადა იყო, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს, რისთვისაც 2018 წელს უნდა მიგვეღწია, რომ ეს უნდა ყოფილიყო ფესტივალი, ამას წელს მივაღწიეთ. 2018 წელს ნოდარ დუმბაძის 90 წელი სრულდება და ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის 150 წელია, ჩვენ გრანდიოზულ ფესტივალს ვგეგმავთ. დღეს თუ 14 თეატრი მონაწილეობს ამ ფესტივალში, დამერწმუნეთ, რომ საქართველოდან რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრიც იქნება ჩვენთან ერთად, ისევე როგორც კინომსახიობთა თეატრმა გარკვეული მიზეზის გამო ვერ მოახერხა ჩამოსვლა.
დღეს მსოფლიოს 10-ზე მეტ სხვადასხვა თეატრში დგამენ ნოდარ დუმბაძის სპექტაკლებს. ჩინეთშიც კი, ამიტომ ფესტივალის არეალი და შესაძლებლობები ძალიან დიდია. წელს, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებზე შექმნილი სპექტაკლებით გვინდა წარვდგეთ. სამომავლოდ ალბათ ცვლილებებს მოითხოვს და ჩვენ ამისთისაც მზად ვართ.
– წელს ფესტივალში უცხოელი მსახიობები მონაწილეობენ…
– ჩვენს ფესტივალში სომხური თეატრი მონაწილეობს. ასევე მაყურებელი იხილავს ქართულ-ლიტვურ კოპროდუქციას. ესაა, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „გამარჯობა, ხალხო“. ფესტივალი სწორედ ამ სპექტაკლით დაიხურება. ყოველ დღე, წარმოდგენის დამთავრების შემდეგ, საღამოს 10 საათიდან ლიტველ კოლეგებთან ერთად რეპეტიციები გვაქვს, რომ ფესტივალი ღირსეულად დაიხუროს. ფესტივალის დამფუძნებლები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ბატონი მიხეილ გიორგაძე და უღრმესი მადლობა მას. ასევე დამფუძნებელია ქალაქ ოზურგეთის მერია, დიდ მადლობას მოვახსენებთ და მინდა აღვნიშნო გურიის მხარის ადმინისტრაცია, ოთხივე მუნიციპალიტეტი, რომელიც ძალიან დაგვეხმარა და გვერდით დაგვიდგა.
ფესტივალის გახსნას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა. სპექტაკლის დაწყებამდე მან მაყურებელს სიტყვით მიმართა, ფესტივალის გახსნა სტუმრებს ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ვასილ ჩიგოგიძემ მიულოცეს. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ოზურგეთის მერმა დასს სიმბოლური საჩუქარი – ფესტივალის მინიატურული ქანდაკება და დიპლომი გადასცა.
ნინო ჯაჯანიძე