პროდუქტები, რომელთა მიღება ზაფხულში განსაკუთრებით საშიშია – მოწამვლის საგანგაშო სტატისტიკა

მომხმარებელთა უფლებების დამცველი და „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე გია ბურჯანაძე მოსახლეობას ისეთი საკვები პროდუქტების შეძენისგან თავის შეკავებას ურჩევს, რომლებიც ღია დახლზეა განლაგებული.
როგორც გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ბურჯანაძე აცხადებს, განსაკუთრებით, მოსახლეობა რძის პროდუქტებს, ხორცპროდუქტებს, გაყინულ პროდუქტებსა და თევზეულს უნდა მოერიდოს.
მისი ინფორმაციით, წელს საკმაოდ გახშირებულია საზამთროთი მოწამვლის შემთხვევები, რომელიც საქართველოში ირანიდან და ჩინეთიდან ორი თვის წინ არის შემოტანილი.
როგორც ბურჯანაძე ამბობს, საზამთროთი მოწამლვის დაახლოებით 47 შემთხვევა, ნესვით – დაახლოებით 12-13 შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე ქათმის ბარკლებით მოწამვლის ერთი შემთხვევაც იყო, თუმცა ეს ფაქტი საავადმყოფომ არ დაადასტურა.
„უნდა ვერიდოთ საზამთროსა და ნესვს, რომელიც იმპორტირებულია. აღნიშნული პროდუქტი მზის შუქზე დევს, ფუჭების პროცესი შიგნიდან მიმდინარეობს და გარედან არ ჩანს. მომხმარებელი გაფუჭებულ პროდუქტს ყიდულობს, რომელიც ძალიან მავნებელია. იგი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ყველა პროდუქტი, რომელიც საქართველოში მოდის, საშიშია. თუ არ ვართ დარწმუნებულები, რომ საზამთრო ნამდვილად კახურია, მოვერიდოთ მის შეძენას“,- განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძე თევზეულით მოწამვლის 23 შემთხვევასაც იხსენებს და სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროვებს. მისი თქმით, თევზს, რომელიც ფუჭდება, ოპერატორები ხშირ შემთხვევაში იღებენ და ამუშავებენ ქლორის შემცველი ხსნარით.
„ეს ხსნარი თევზს აკარგვინებს სპეციფიკურ სუნს და ამის შემდეგ ხდება მისი შებოლვა. ეს შეიძლება იყოს თევზი, ხორცეული, ქათამი, შაშხი და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ყველაფერს, შებოლილს, უნდა ვერიდოთ. ვინაიდან მათი მეორედ დამუშავება მიმდინარეობს. უნდა დავაკვირდეთ თევზის შიგთავსს. ხშირ შემთხვევაში მასში ვპოულობთ მატლის ჭუპრებს. ისიც კი ეზარება მეწარმეს, რომ მატლის ჭუპრები ამოიღოს. ყრიან ქლორით სავსე აბაზანაში და შემდეგ ბოლავენ. ეს არის გადასაყრელი. იგივე სიტუაციაა სხვა შებოლილ პროდუქტებთან დაკავშირებითაც. 50 პროცენტი შებოლილი პროდუქტისა გაფუჭებულია. ასევე მძიმე მდგომარეობაა ფარშის მიმართულებითაც. წლების განმავლობაში ჩვენ ვამბობთ, რომ ფარშის დაახლოებით 75 პროცენტი საქართველოში არის სალმონელით დაავადებული და მათი მოხმარება სასტიკად აკრძალულია“,- განაცხადა გია ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები