ვინ ორგანიზატორობდა „ქართუ ბანკის“ მიერ შემოტანილი ტვირთების დაზიანებას – ვასილ ლელუაშვილი დათა ახალაიას ადანაშაულებს

„ქართუ ბანკის“ მიერ შემოტანილი ტვირთის დაზიანების ორგანიზატორი დათა ახალაია იყო,- ამის შესახებ ინფორმაცია გამოძიებას კუდ-ის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ ვასილ – ვაჟა ლელუაშვილმა მიაწოდა. როგორც პროკურორი ლევან ადეიშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ყვება, ლელუაშვილი ტვირთის მიზანმიმართული დაზიანების ფაქტებს არ უარყოფს, მაგრამ ამბობს, რომ ამის ორგანიზატორი დათა ახალაია იყო. „წინა ხელისუფლების მხრიდან „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებულ სქემაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გარდა შემოსავლების სამსახური და საბაჟო დეპარტამენტიც ჩართული იყო. ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე მათ მიეცათ დავალებები, რომ „ქართუსთან“ დაკავშირებული ყველა ფირმის საქმიანობა შეესწავლათ და მათ მიერ შემოტანილი ტვირთი საბაჟოზე გაეჩერებინათ დაზიანების მიზნით. მათ ჰქონდათ ინფორმაცია „მე-9 არხის“ აღჭურვილობაზე. შესაბამის სამსახურებს გადაეცათ საგადასახადოდან ამოღებული კონკრეტული სია, რომელიც კომპიუტერულ პროგრამაში შეიყვანეს. ამ სიაში მყოფი კომპანიების მიერ შემოტანილი ტვირთი საბაჟოზე ჩერდებოდა წითელ დერეფანში, სადაც ხდებოდა მისი დაზიანება. ამაში ჩართული იყო შემოსავლების სამსახურის უფროსი და საბაჟოს ხელმძღვანელიც. ისინი ტვირთის შემოსვლის შესახებ ინფორმაციას გადასცემდნენ კუდ-ს, რომლის თანამშრომელიც ოპერატიულ – ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელთან ერთად უპრობლემოდ შედიოდა საბაჟო ტერმინალში, გამოჰქონდათ ტვირთი და აზიანებდნენ ელექტროშოკერის გამოყენებით, რათა ვიზუალური დაზიანება არ ყოფილიყო, ანუ ელექტროენერგიის გაშვებით ხდებოდა ტვირთის დაზიანება. საერთო ზარალმა 800 ათას დოლარზე მეტი შეადგინა. ტვირთების დაზიანება 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მარტის ბოლომდე ხდებოდა. ამ სქემას ხელმძღვანელობდა ვასილ ლელუაშვილი, ჩართულნი იყვნენ შესაბამისი სამმართველოს უფროსები. ამ ყველაფერს ადასტურებენ საბაჟოს უფროსები. ყველამ დაადასტურა, რომ არსებობდა სია, დაახლოებით 10 ფირმის, რომელთა მიერ შემოტანილი ტვირთი მიზანმიმართულად ზიანდებოდა. ლელუაშვილი უარყოფდა დანაშაულს, თუმცა ის ფაქტი აღიარა, რომ ტვირთები ზიანდებოდა. მისი თქმით, ამ ყველაფერს დათა ახალაია ხელმძღვანელობდა და პასუხისმგებლობის ტვირთი მთლიანად ახალაიასკენ გადაიტანა. ანუ ის ტვირთის მიზანმიმართული დაზიანების ფაქტებს არ უარყოფს, მაგრამ ამბობს, რომ ამის ორგანიზატორი იყო არა თვითონ, არამედ – დათა ახალაია“,-განაცხადა ადეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები