პაპიძის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა შესაძლოა, სკანდალური განაჩენი გამოიტანონ – მკვლელობაში გამტყუნდება და შვილის ნაწილში გამართლდება?

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის მიმართ განაჩენს ნაფიცი მსაჯულები დღეს გამოიტანენ. განაჩენის გამოტანამდე გაზეთი „პრაიმტაიმი“ სამი სავარაუდო გადაწყვეტილების შესახებ წერს.
სტატიის თანახმად, დღევანდელი პროცესი პოლიტიკური ძალების ყურადღების ცენტრშიც ექცევა, რადგან დასაშვები სამი სახის გადაწყვეტილებიდან მინიმუმ ორით მაინც შეძლებს ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ სპეკულირებას. ყოველივეს კი სტატიის ავტორი საარჩევნო წელს უკავშირებს.
როგორც გამოცემის დღევანდელ ნომერში წერია, თუ მაგდა პაპიძე შვილისა და მეუღლის მკვლელობის ნაწილებში გამტყუნდება, მას დიდი ალბათობით, სამუდამო პატიმრობა ელის. თუმცა იურისტების ის ნაწილი, რომელიც ინტერესით აკვირდება პროცესის მიმდინარეობას, სულაც არ გამორიცხავს, რომ მას მსაჯულების მხრიდან გამტყუნების შემთხვევაში, მოსამართლემ თავისუფლება 20 წლის ვადით და არა სამუდამოდ აღუკვეთოს. ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალებს მცირედი, მაგრამ მაინც რჩებათ შანსი, კვლავ განაგრძონ საუბარი გამოძიების არაკომპეტენტურობაზე ან სასამართლოს მიკერძოებულობაზე.
საზოგადოების ყველაზე მცირედი ნაწილი უშვებს იმის ალბათობას, რომ ბრალდებული გამართლდეს. ამ ნაწილის არგუმენტაცია დაახლოებით ასე ფორმირდება: თუ პაპიძეს გაუშვებენ, ეს ფაქტი ახალი დანაშაულის პროვპოცირება გახდება, რადგან ბოლო დროის ყველაზე სკანდალური ბრალდებული შეიძლება ნებისმიერის მსხვერპლი გახდეს. პირველ რიგში, ქაფიაშვილების გულშემატკივრების. რაც შეეხება მესამე ვერსიას: მსაჯულების წინაშე ამ ეტაპზე საკითხი ასე დგას – დამნაშავე არის თუ არა მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის განზრახ მკვლელობაში. ანუ აქცენტი კეთდება განზრახულობაზე. არადა, თუ საზოგადოებრივ აზრს დავაკვირდებით, იმ საზოგადოების, რომელსაც სასამართლო დარბაზში ნაფიცი მსაჯულები წარმოადგენენ, მისი დიდი ნაწილი ვერასოდეს უშვებს ვერსიას, რომ დედამ შვილი წინასწარ დაგეგმილად მოკლა. მისთვის უფრო მეტად მისაღებია დაახლოებით ასეთი სცენა – დანაშაულის ჩადენისას ბავშვმა გაიღვიძა და დედამ მისი გაჩუმება სცადა, რა დროსაც შემოაკვდა, ეს უკვე სულ სხვა კვალიფიკაციაა – გაუფრთხილებლობით მკვლელობა. კვალიფიკაციის დადგენას კი ნაფიც მსაჯულებს არავინ ეკითხება. მათ ერთი სიტყვით უნდა გასცენ პასუხი კითხვას – დამნაშავეა თუ არა მაგდა განზრახულობაში. ან კი, ან – არა. ამიტომაც ყველაზე დიდი მოლოდინი სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიმართ არსებობს – ბრალდებული გამტყუნდება მეუღლის მკვლელობაში და გამართლდება შვილის ნაწილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები