“თუ დავუშვებთ ნაცების აღზევებას ამჯერად ეუთოში, 8 ოქტომბერს ხალხი თავად გამოასწორებს ამ შეცდომას“

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის კანდიდატურის წარდგენას, “ქართული ოცნების“ დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე უარყოფითად აფასებს. როგორც კვაჭანტირაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ბოლო ოთხი წელია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკუთარი პარტიული ინტერესების დასაცავად ყველაფრს აკეთებენ.

„საერთაშორისო არენაზე, რასაც მე ბოლო ოთხი წელია პირადად ვუყურებ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიულობით საკუთარი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების წინააღგმდეგ და საკუთარი პარტიული ინტერესების დასაცავად ყველაფრის ხარჯზე, მათ შორის ყოვლად ამაზრზენი საქციელის ხარჯზეც კი. მაშინ ამაზეც უნდა გვქონოდა რეაგირება. არა?

ამ კონკრეტულ არჩევნებში კი პიროვნულად გიგი წერეთელზეცაა საუბარი და ნურავინ მოვიკატუნებთ თავს, თითქოს გიგი პირადად არაფერ შუაშია, რადგანაც იგი არის ერთ-ერთი სახე მოძალადე რეჟიმისა. (სამწუხაროდ!). თუმცა ისიც მართალია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში პოლიტიკურ ძალებს შორის ჭიდილი უმთავრესია და ამ ჭიდილში მოიგებს ან „ევროპის სახალხო პარტია“, ან მემარცხენეები, ან გიგი წერეთელი ან ქრისტინ მუტონენი.

გიგის ჩვენთან ყველა კარგად იცნობს. მესმის რომ იგი დაძაბულია და ბოლო დღეები აგრესიულიც, მაგრამ დღეს საერთოდ დაგვემუქრა კიდეც – პრეზიდენტად რომც არ ამირჩიონ ვიცე -პრეზიდენტად მაინც დავრჩები 2018 წლამდე და თქვენს თავს დააბრალეთო, (ასე წერენ სააგენტოები). და ბოლოს: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები რომ „ნაცების“ რეჟიმის დროს ჩატარებულიყო თბილისში და პრეზიდენტობის კანდიდატად ასეთი მძიმე პოლიტიკური წარსულის მქონე ოპოზიციონერი დაესახელებინა ვინმეს, „ნაცების“ რეჟიმის რეაქცია იქნებოდა უკიდურესად დაუნდობელი და გამანადგურებელი! ვითომ ასეა საჭირო? არა მგონია. მე ვფიქრობ, რომ სრულიად ნორმალური რეაქცია აქვს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ამ არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” და აჯობებდა ყველამ ჩვენ-ჩვენ კოლექტიურ და ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებს მივხედოთ, თუ დავუშვებთ ნაცების გადარჩენა/ აღზევებას ამჯერად ეუთოში, ყველას, ვისაც დღეს პასუხი მოგვეკითხება შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ხალხი თავად გამოასწორებს ამ შეცდომას, ისე, რომ ეუთოც და ყველაფერი დანარჩენიც მხოლოდ ლამაზ მოგონებად დარჩება ბევრი ჩვენთაგანისთვის“- წერს ზვიად კვაჭანტირაძე.
,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ არ უჭერს მხარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევას და არ აპირებს კენჭისყრაში მის სასარგებლოდ ხმის მიცემას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები