„კანის ლომების“ ახალგაზრდულ ფესტივალზე ქართველებმა პირველად ოქროს მედალი მოიპოვეს
კრეატივის 63-ე საერთაშორისო ფესტივალზე „კანის ლომები“ საქართველომ პირველად ოქროს მედალი მოიპოვა. დღეს გამარჯვებულებს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდა.
რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალი 18-24 ივნისს კანში ჩატარდა. კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions”-ის ახალგაზრდულ კონკურსში წელს საქართველო 4 კატეგორიაში წარადგინეს.
ანა მარკოზაშვილმა და ნინო უნგიაძემ ქვეყანას გამარჯვება მოუტანეს – მათ პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედალი მიიღეს. მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისად, კანადამ და თურქეთმა გადაინაწილეს.
„კანის 63-წლიანი ისტორიის განმავლობაში, კანის სცენაზე პირველად აღიმართა ქართული დროშა და, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას დიდი გამარჯვება ერგო“, – განაცხადა ახალგაზრდა ქართველ მარკეტოლოგებთან შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა.
კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი „კანის ლომები“ რეკლამის მწარმოებლების ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო ფესტივალად ითვლება. ნამუშევრები ჯილდოვდება ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს ლომებით და გრან-პრით, ზოგიერთ კატეგორიაში როგორც სარეკლამო კამპანიებისათვის, ასევე ტექნიკურ სფეროში მიღწევებისათვის.
კონკურსში მსაჯობას როგორც იდეისათვის, ასევე მისი ხორცშესხმისათვის ახორციელებს ჟიური, რომელიც მთელი მსოფლიოს სარეკლამო სააგენტოების შემოქმედებითი დირექტორებისგან შედგება. საქართველო კრეატივის საერთაშორისო ფესტივალზე „კანის ლომები“ მონაწილეობას უკვე მეორე წელია ღებულობს.