ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ შეგვეძლება უფრო მჭიდრო ურთიერთობები დავამყაროთ იმ თბილ და მეგობრულ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში
„საქართველოსა და FTA-ს ქვეყნებს შორის სწრაფად მოლაპარაკება ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი სახეობა რომ ყოფილიყო, ჩვენი გუნდები ნამდვილად ოქროს მოიპოვებდნენ“, – ამის შესახებ შვეიცარიაში ქართულ მხარესთან შეხვედრისას ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლილია ალფრედსდოთირმა განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, FTA-ს შეთანხმების ხელმოწერა როგორც პროცესის დასასრულს, ისე დასაწყისს აღნიშნავს.
“ყველა ჩვენგანს ვულოცავ საქართველოსა და FTA-ს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება FTA-ს ქვეყნებსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მყარი საფუძველი.
FTA-ს შეთანხმების ხელმოწერა როგორც დასასრულს, ისე დასაწყის აღნიშნავს. ის აღნიშნავს იმ პროცესის დასასრულს, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო, როდესაც საქართველოსა და FTA-ს ქვეყნებს შორის გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია თანამშრომლობის შესახებ, რომელმაც მეტი ოფიციალურობა შესძინა ჩვენს ურთიერთობებს. სწორედ ამ ოფიციალურმა ურთიერთობებმა მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეწყო მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ. ორივე მხარის მიერ გამოვლენილი თავდადებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მომზადებას მხოლოდ სამი რაუნდი დაჭირდა. სწრაფად მოლაპარაკება ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი სახეობა რომ ყოფილიყო, ჩვენი გუნდები ნამდვილად ოქროს მოიპოვებდნენ ოლიმპიადაზე რიოში, რომელიც ამ ზაფხულს ტარდება”, – აღნიშნა ალფრედსდოთირმა.
ლილია ალფრედსდოთირის განცხადებით, ამ მოლაპარაკებების შედეგი – ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ხსნის ორივე მხარისთვის. მისი თქმით, მხარეებს შორის ურთიერთობების ახალი ეპოქა იწყება.
“უფრო მნიშვნელოვანია ამ მოლაპარაკებების შედეგი – ყოვლისმომცველი და ამბიციური შეთანხმება, რომელიც ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ხსნის ორივე მხარისთვის. აი, სწორედ აქ იწყება ახალი ეპოქა. მოლაპარაკებების მონაწილეებმა თავიათი სამუშაო ჩინებულად შეასრულეს. მას შემდეგ, რაც ამ შეთანხმების რატიფიცირებას ყველა მონაწილე მხარე დაასრულებს, კომპანიებსა და მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ ახალი შესაძლებლობებით.
არსებობს ძველი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ არიგებდა ღმერთი მიწებს და როგორ დაიგვიანეს ქართველებმა, რადგან ერთად კარგ დროს ატარებდნენ. როდესაც ქართველები, როგორც იქნა, ღმერთს ეახლნენ, ღმერთმა ამცნო, რომ ყველა მიწა უკვე გაუნაწილა ხალხებს, ხოლო მათთვის აღარაფერი დარჩა. ქართველებმა ეს ამბავი ჩვეული სილაღით მიიღეს და არც დამწუხრებულან, რადგან ამით საქმეს მაინც არ ეშველებოდა. ღმერთი მოხიბლა ქართველების ამგვარმა სილაღემ და მათ სამოთხის პატარა ნაწილი უბოძა, რომელსაც ჩვენ საქართველოს სახელით ვიცნობთ.
ამ ამბავზე ორი კომენტარი მინდა გავაკეთო. პირველ რიგში, სად იყვნენ ისლანდიელები, როცა ეს ამბები ხდებოდა? უთუოდ ქართველებზე გვიან მივედით. იქნებ ფეხბურთს ვუყურებდით, ან იქნებ ყველა ისლანდიაში პოლიციის დღეს ზეიმობდა?
ამას ვყვები და თან იმედს ვიტოვებ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შესაძლებელს გახდის, ვისიამოვნოთ თქვენი მშვენიერი ქვეყნიდან მოსული მაღალი ხარისხის პროდუქციით და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ შეგვეძლება უფრო მჭიდრო და მყარი ურთიერთობები დავამყაროთ იმ თბილ და მეგობრულ ადამიანებთან, რომლებიც ისევ ცხოვრობენ საქართველოში“, – განაცხადა მან.