სიახლეები „პანორმა თბილისის“ პროექტის შესახებ

ვრცელდება საიას და „ტფილისის ჰამქარის“ განცხადება „პანორმა თბილისის“ პროექტის შესახებ ბოლო დღეების განმავლობაში მედიასაშუალებებში გაშუქებული ინფორმაციის თაობაზე, რომლის თანახმადაც თანაინვესტირების ფონდის მიერ თბილისში ე.წ. პანორამა თბილისის პროექტი ხორციელდება.
პროექტის ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. როგორც თანაინვესტირების ფონდის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, პროექტის განხორციელება თბილისის ისტორიულ ნაწილში, სოლოლაკში, სკვერის მიმდებარედ და ერეკლეს მოედანზე იგეგმება, სადაც მაღალია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონცეტრაცია. თუმცა, ამ დრომდე უცნობია პროექტის შესაბამისობა კულტურულ მემკვიდრეობასთან. ამასთან, ინფორმაციის ის მცირე ნაწილი, რაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, არ ემსახურება კულტურული მემკვიდრეობისთვის, როგორც ღირებულებისთვის, უპირატესობის მინიჭებას.
პროექტის განხორციელებას თანაინვესტირების ფონდი უზრუნველყოფს, რომელიც კერძო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს და რომლის კაპიტალიც კერძო ფინანსებით იქმნება. ამგვარი ფინანსების ხარჯვამ შესაძლოა, პროექტის გამჭვირვალობა და საჯაროობა მნიშვნელოვნად შეამციროს. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დღემდე არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი. ამასთან, თბილისს, როგორც ქალაქს, არ აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა. ამ ფონზე ისეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება, როგორიც „პანორმა თბილისია“, ეჭვის ქვეშ აყენებს კულტურული მემკვიდრეობის სათანადოდ დაცვის შესაძლებლობას.
ორგანიზაცია ,,საია“ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს: “ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ინვესტიციებს და ეკონომიკურ განვითარებას, თუმცა გვსურს, საჯაროდ განვაცხადოთ, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ასევე თბილისის თვითმმართველობამ ყველაფერი უნდა იღონონ საიმისოდ, რომ ინვესტიციების და ეკონომიკური ინტერესის სახელით არ მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფა, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. მივმართავთ თბილისის არქიტექტურის სამსახურს, მხედველობაში მიიღოს „პანორამა თბილისის“ პროექტისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობა და გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება პირთა ფართო წრის ინტერსს ეხება, შესაძლოა გამოყენებული იქნეს საჯარო ადმნისტრაციული წარმოება.
აღნიშნულ განცხადებაში ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გამოთქვამს მოსაზრებას იმის თაობაზეც, რომ ადმინისტრაციული წარმოების საჯარო წესით ჩატარება ამ პროცესის მაღალ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები