თეა წულუკიანი არგენტინის მოდერნიზაციის მინისტრს, ანდრეს იბარას შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არგენტინის მოდერნიზაციის მინისტრს, ანდრეს იბარას შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი ნაწილი ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო.
თეა წულუკიანმა არგენტინელ მინისტრს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვის, რეგიონებში ელმმართველობის დანერგვის შესახებ, ასევე, ელექტრონული აუქციონების, ელექტრონული ტენდერებისა და სხვა სისტემების შესახებ უამბო.
თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა საჯარო სერვისების გაცემისას ელექტრონული სისტემების მუშაობასა და სპეციფიკაზე. ანდრეს იბარამ არგენტინის მთავრობის მოდერნიზაციის ახალ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც არგენტინის ფედერალური ოლქებისა და ცენტრების ელექტრონულ ერთიან სისტემაში ჩართვას და ღია მმართველობის დანერგვას ითვალისწინებს.
მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გამოცდილებას გაუზიარებს არგენტინას ღია მმართველობის, მთავრობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის, სერვისების მიწოდების, ანტიკორუფციული საქმიანობის და ელექტრონული მმართველობის შესახებ, რაზეც უკვე ორი სამინისტროს ექსპერტები იმუშავებენ. თეა წულუკიანი ბუენოს-აირესში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები